სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 28 იანვარი, 2022
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შრომის ანაზღაურება

დასაქმებულთა ნამუშევარი დღეების აღრიცხვისა და შტატგარეშედ დასაქმებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარკვეულ შემთხვევაში, აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მიიღებოდნენ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. აღნიშნული გარემოება შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკებს შეიცავს.

საქონელი და მომსახურება

წარმომადგენლობით და ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - წარმომადგენლობითი ხარჯების მართვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას. ამასთანავე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, არარაციონალურად გახარჯულია საწვავი. არ არის დაცული მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20.916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. აღნიშნული ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას.

საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურება

საკრებულოს წევრების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ - 107.051 ლარი.

სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება განისაზღვრა ბაზრის არასათანადო კვლევის საფუძველზე, რის შედეგად, მერიამ არანაკლებ 22.408 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ამასთანავე, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების სათანადო დადასტურებას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს შეიცავს.

სარეზერვო ფონდი

სარეზერვო ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გაწეული დანახარჯების დაფინანსების დამტკიცებული წესის დარღვევისა და არაერთგვაროვანი მიდგომის ფაქტების მიუხედავად, მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმებში არაფერია აღნიშნული მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტების შესახებ, რაც წარმოშობს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკებს.

სესხის მომსახურება

სასესხო ვალდებულების მომსახურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც პროექტების განმახორციელებელმა ორგანომ, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დადგენილ ვადებში შესრულება, რის გამოც სესხის სახით გამოყოფილი სახსრები არ იქნა ათვისებული და, შესაბამისად, კრედიტის მომსახურების ხარჯები გაიზარდა. აღნიშნული სესხების ფარგლებში, 2019-2020 წლებში ჯამურად გაწეულია 290.371 ლარის არაეფექტიანი ხარჯი.

ძირითადი აქტივების აღრიცხვა

ძირითადი აქტივების აღრიცხვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სათანადო აღრიცხვას, სრულად არ ტარდება ინვენტარიზაცია, რაც ზრდის აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული 68,8 მლნ ლარის შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით, არსებული შეუთანხმებელი საკითხები უარყოფითად მოქმედებს აქტივების მოვლასა და სათანადო ექსპლუატაციაზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვა განაპირობოს.

ქონების იჯარით გაცემა

ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მერიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელია 2.450.249 ლარი, რომელიც ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. დიდი ოდენობით გადაუხდელი საიჯარო გადასახადის აღურიცხავი თანხები კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება არამართლზომიერად იყოს გამოყენებული ან/და არ იქნეს გადახდილი საიჯარო გადასახადი.

მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა

მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობაში არსებული ხარვეზები - მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება, რაც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს არამართლზომიერი ქმედების რისკებს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას 

რეკომენდაცია №1: 

შემუშავდეს და პრაქტიკაში დაინერგოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც მერიისა და საკრებულოს საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს მუშაკთა ოპტიმალურ რაოდენობას. ამასთანავე, საბიუჯეტო რესურსის რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, სათანადოდ აღირიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი საათები და აღრიცხვის სისტემის მონაცემების მიხედვით განხორციელდეს შრომის ანაზღაურების დარიცხვა.

რეკომენდაცია №2: 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც წარმომადგენლობითი და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრავს წარმომადგენლობით ღონისძიებებში მონაწილეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას, ასევე უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №3: 

მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულად შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, ხარჯები ანაზღაურდეს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.

რეკომენდაცია №4: 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებების გამომწვევი მიზეზები და არაობიექტური გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს სრულყოფილად განისაზღვროს ჩასატარებელი შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, ტექნიკური და ფინანსური პარამეტრები.

რეკომენდაცია №5: 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, შიდა კონტროლის დამატებითი მექანიზმების შემუშავებითა და დანერგვით, უზრუნველყოს ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების დანიშნულებისამებრ, დაფინანსების დადგენილი წესის დაცვით გამოყენება. ამასთანავე, დახმარების თხოვნაზე სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკების შემცირების მიზნით, განცხადებები განიხილოს კომისიური წესით და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობოს განმცხადებელს.

რეკომენდაცია №6:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრედიტო რესურსით მიღებული თანხების მაქსიმალურად ეფექტიანად (მინიმალური ხარჯების გაწევით) გამოყენებისა და სესხზე არამიზნობრივი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დროულად უზრუნველყოს პროექტის შესრულების ხელის შემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარებით, ხელი შეუწყოს მოზიდული რესურსების დროულ და ეფექტიან გამოყენებას.

რეკომენდაცია №7: 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სათანადო აღრიცხვას; აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში ჩაატაროს სრული ინვენტარიზაცია. ამასთანავე, უმოკლეს ვადაში მოგვარდეს სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებელი საკითხები და გამოვლინდნენ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირები, რათა აქტივები დადგენილი ვადით ეფექტიანად იყოს გამოყენებული.

რეკომენდაცია №8:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გააძლიეროს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საიჯარო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობას, შეუსრულებლობის ფაქტების დროულ გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, ბუღალტრულად აღრიცხოს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახდელები და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო, ასევე გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება დავალიანებების შესაძლო მოკლე ვადებში დაფარვის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაცია №9: 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობის პრევენციას, ასევე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დროულ გამოვლენას და სათანადო რეაგირებას; ამასთანავე, შეისწავლოს ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო და შეჩერებული მშენებლობების ფაქტები, განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები და გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.