სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 09 ივლისი, 2013

დღეს, 9 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია:

  1. საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა სერტიფიცირების სისტემის სრულყოფა;
  2. საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავება, რომელიც თავის მხრივ გაითვალისწინებს რელევანტურ საერთაშორისო პრაქტიკას და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოყალიბებულ ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის ძირითად პრინციპებს. მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, შესაბამისი პროცედურების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით, მხარეები შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფუძნებული სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი არის საქართველოში მოქმედი ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში მომუშავე აუდიტორთა სერტიფიცირება, ასევე - საჯარო აუდიტის სწავლება და განგრძობადი სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამები.

ამასთან, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია საქართველოში ერთადერთია, რომელიც წარმოადგენს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილ წევრ-ორგანიზაციას. ამავე დროს, ამ ორგანიზაციას წამყვანი პოზიციები უკავია კერძო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზების კუთხით.