ეფექტიანობის აუდიტის ერთთვიანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამა გაიარეს სახელმწიფო აუდიტორებმა ქალაქ ნოიდაში, ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემების და აუდიტის საერთაშორისო ცენტრში (ICISA).
სასწავლო პროგრამაში 23 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 34 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სასწავლო მოდული მოიცავდა ეფექტიანობის აუდიტის პროცესს, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს და სახელმძღვანელო მითითებებს. პროგრამის მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს მონაცემთა ანალიზის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება.
ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, სადაც მონაწილეები გაეცნენ ინდოეთის აუდიტორული უწყების მიერ ჩატარებულ აუდიტებს, ასევე მათ მიერ ანალიტიკური პროცედურების ჩასატარებლად და მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულ ისეთ კომპიუტერულ პროგრამებს, როგორიცაა: Tableau, Power BI და KNIME.
ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (CAG) მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრის (ICISA) ტრენინგპროგრამაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან მონაწილეობდნენ მთავარი აუდიტორი მაკა ჭიხორია და აუდიტორი თორნიკე კაპანაძე. მათ ტრენინგის ბოლოს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.


