ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს, შვედეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მოლდოვის, რუმინეთის და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს შორის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს აუდიტის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გაციფრულება-დიგიტალიზაციის და დონორი ორგანიზაციების ჩართულობის მიმართულებით.
შეხვედრებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა კოლეგებს პრეზენტაცია წარუდგინეს მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე: სტრატეგიული განვითარების დაგეგმვის პროცესი, სამსახურის სტრატეგიული მიზნები და მათი მიღწევის გზები, მონიტორინგისა და რეპორტინგის პროცესები. უცხოელ კოლეგებს, ასევე, გამოცდილება გაუზიარეს, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში გარე ჩართული მხარეების მიმართულებით სამსახურში არსებულ პრაქტიკაზე. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის დანერგილ პრაქტიკაზე, მათ შორის, სტრატეგიის შედგენისა და იმპლემენტაციის პროცესში გარე მხარეების - პარლამენტი, საზოგადოება, მედია - ჩართულობაზე, რისკზე დაფუძნებული აუდიტის თემის შერჩევაზე, აუდიტის ციკლსა და მონიტორინგზე, რეკომენდაციების შესრულებასა და მათი ზეგავლენის შეფასებაზე.
შეხვედრები ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის (NCA) ინიციატივით, ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული საოლქო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს, წელს კი შეხვედრები სტრატეგიული დაგეგმვისა და კეთილსინდისიერების შესახებ გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა, რის შედეგადაც გაღრმავდა სამსახურის გამოცდილება და მის შესახებ აუდიტორულ საზოგადოებაში ცნობადობა გაიზარდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის, სტრატეგიული დაგეგმვის და დონორებთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები - ცოტნე ქარქაშაძე, შოთა ჯამბურიძე, ნინო კერესელიძე, მარიამ დანელია, სალომე ვერულაშვილი, სოფიკო ხაჩიძე.
