სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის“ აუდიტს ჩაატარებს 12 აპრილი, 2023

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ აუდიტს ჩაატარებს და პროგრამის ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგების და ინდიკატორების მიღწევის ვერიფიკაციას განახორციელებს. პროგრამის თანადამფინანსებელია საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD). 

„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს მოიცავს.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის პროგრამის მიზანია მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდა როგორც ფინანსური მექანიზმების, ისე ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების გზით; განათლების სისტემის კუთხით - მაღალი ხარისხის განათლებასთან ხელმისაწვდომობის ამაღლება.

პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოში პირველად იყენებს დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის“ ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტს, რაც გულისხმობს  იმას, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია და მონიტორინგი მთლიანად დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებს და სისტემებს. 

„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის“ შეთანხმება, რომელიც 2022-2028 წლების პერიოდს მოიცავს, გასულ წელს გაფორმდა პარტნიორ ორ ინსტიტუტთან: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მსოფლიო ბანკს შორის, და, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის.