დღეს 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 საქმიანობის ანგარიში.
საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილი იქნა 2015 წელს გაწეული საქმიანობით მიღწეული შედეგები, ინფორმაცია წლის განმავლობაში ჩატარებული აუდიტების, გამოვლენილი ხარვეზებისა და გაცემული რეკომენდაციების შესახებ.
საქმიანობის ანგარიშში ასევე მიმოხილული იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ის მიღწევები რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2015 წელს, კერძოდ:
- აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად აღსანიშნავია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის დანერგვის პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს;
- GIZ-ის დახმარებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი. ურთიერთთანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი უზრუნველყოფს აუდიტორული საქმიანობის შედეგების რეალიზაციას და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას;
- 2015 წელს ბოლოს ნორვეგიის მთავრობის გრანტის ფარგლებში შეძენილ იქნა აუდიტის მართვის სისტემა (AMS). აღნიშნული პროგრამა გაამარტივებს აუდიტორულ პროცედურებს და დაეხმარება აუდიტორებს დროის დაზოგვასა და აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად შეფასდა, ხოლო „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ ბიუჯეტის ზედამხედველობის კუთხით საქართველო მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების სიაში.
