სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 05 ნოემბერი, 2014
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე (მეორე წარდგენა)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე (მეორე წარდგენა) მიზნად ისახავს კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (მეორე წარდგენა) მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები, მათ შორის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, პირველ რიგში, აუცილებელია დამატებითი ყურადღება გამახვილდეს 2015-2018 წლებისთვის „ქვეყნისძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით“ (BDD) (მეორე წარდგენა)გათვალისწინებულ მაკროეკონომიკურდაშვებებზე - მაკროეკონომიკური ინდიკატორებისპროგნოზები უდევს საფუძვლადფისკალური გეგმის ჩამოყალიბებასა და დასაგეგმი წლის საბიუჯეტო აგრეგატების განსაზღვრას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზირებისას ალტერნატიული წყაროების (საერთაშორისო ორგანიზაციების) ანალოგიური მაჩვენებლების გათვალისწინება.
  • საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გასული სამი წლის 9 თვის შესრულების წილობრივ მაჩვენებლებსა და მიმდინარე წლის 9 თვის ტენდენციებზე (ექსტრაპოლაციის მეთოდზე) დაყრდნობით, წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დაშვებების გათვალისწინებით, კანონპროექტით განსაზღვრული ცალკეული საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს.
  • მიმდინარე მდგომარეობით შეინიშნება დივიდენდების მუხლით შემოსავლების დაგეგმვასა და მობილიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზები - როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინა ანგარიშებშიც აღინიშნა, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესრულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება.
  • 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით (მეორე წარდგენა), ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გადასახდელების დაგეგმვისას, მხედველობაში არ მიიღება მიმდინარე წელს მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოვლენილი დაბალი ათვისების ტენდენციები, ასევე, რიგ შემთხვევებში, გაურკვეველია რის საფუძველზე იგეგმება ასიგნებების ზრდა - ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, ჯამურად, 9 თვის მდგომარეობით ათვისება 9 თვის დაზუსტებული გეგმის 50%-ზე ნაკლებს შეადგენს პროგრამების 7.5%-ისა და ქვეპროგრამების 15.3%-ისათვის (საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების გამორიცხვით). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ათვისების ტენდენციები შესაძლოა, გასული წლების მსგავსად, მიანიშნებდეს ფისკალური წლის დასასრულს გადასახდელების მკვეთრი ზრდის ალბათობაზე. აღნიშნული მოვლენა კი თავის მხრივ, ზრდის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად განკარგვის რისკს. ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის, რომლებიც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 9 თვის განმავლობაში ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით გათვალისწინებულია ასიგნებების მოცულობის ზრდა ან იმავე დონეზე შენარჩუნება. რიგ შემთხვევებში, სხვაობა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციასა და მომავალი წლის გეგმას შორის, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთავრობის პრიორიტეტების ან სტრუქტურულ ცვლილებებსა და დისკრეციულ გადაწყვეტილებებთან, თუმცა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაგეგმვისას, სხვა მიზეზებთან ერთად მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს მიმდინარე წლის შესრულების ტენდენციები და მათთან დაკავშირებული ხარვეზები, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნეს ათვისების შესაბამისობა განსაზღვრულ გეგმასთან. გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე საყურადღებოა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით წარმოდგენილი ცალკეული ქვეპროგრამებისათვის განსაზღვრულ იქნა ასიგნებების მნიშვნელოვანი ზრდა 2014 წელთან შედარებით, თუმცა გაურკვეველია რის საფუძველზე იგეგმება აღნიშნული ზრდა, იმის გავითვალისწინებით, რომ კანონპროექტის პროგრამული დანართით წარმოდგენილი ქვეპროგრამების მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები გასული წლის იდენტურია. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, მოხდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი ღონისძიებების, მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების უფრო დეტალური აღწერა შესაბამისი რაოდენობრივი მაჩვენებლის მითითებით.
  • მიმდინარე მდგომარეობით შეინიშნება საგარეო წყაროებიდან მოზიდული ფინანსური სახსრების დაბალი ათვისების ტენდენცია - აღნიშნულ კომპონენტში ათვისებულია წლიური გეგმის მხოლოდ 50%. ამასთან დაკავშირებით, ანგარიშში განხილულია საგარეო რესურსით დაფინანსებული განუხორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში სესხის აუთვისებელ ნაწილზე პროცენტის გადახდის საკითხი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აუცილებელია გაუმჯობესდეს კოორდინაციისა და დაგეგმვის პროცესი საინვესტიციო სესხების ფარგლებში თანხების ათვისებასა და პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რათა მინუმუმამდე იქნეს დაყვანილი აუთვისებელ საკრედიტო რესურსზე გადახდილი თანხები.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით დაგეგმილია სახელმწიფო ვალდებულებების ზრდა - 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წელს მისაღები საგარეო საკრედიტო რესურსის უდიდესი ნაწილი საინვესტიციო ხასიათისაა, მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების ეფექტიანი ათვისება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გასული და მიმდინარე წლის მსგავსად ათვისების დაბალი მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი სახაზინო ობლიგაციების ემისია გათვალისწინებული არ არის.
  • 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის პროგრამულ დანართში შეინიშნება მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები - საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების, ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით მომზადების დანერგვის პროცესთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოცემულია 2015 წლის ბიუჯეტის პროგრამული დანართის ანალიზი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულ ფორმატში უკვე მეოთხე წელია მზადდება, პროგრამულ დანართში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების ფორმირებისას, რაც ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების ეტაპზე დასახული შედეგების შესრულების შეფასებას ართულებს. ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები არსებული პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.