სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2011 და 2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.
გარკვეული შესყიდვები კერძო კომპანიებისგან განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის გზით, რის მიზეზადაც სახელდებოდა შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინ როდესაც რეალურად ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა.
კერძოდ, 2011 წლის ნოემბერში შპს „ალგორითმისგან“, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სამინისტრომ შეისყიდა 5,000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი 2,775,000 ლარად. ასევე, 2012 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ალგორითმმა“, რომელიც იყო ერთადერთი პრეტენდენტი და ამ შემთხვევაში მისგან შეძენილია 2,000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი 1,100,000 ლარად. შპს „ალგორითმმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პროდუქცია მიჰყიდა 30%-იანი ფასნამატით, რამაც ჯამურად შეადგინა 749,000 ლარი.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შპს „საქართველოს ფოსტისგან“ შეისყიდა 981,000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ფასნამატმა აღნიშნულ შესყიდვაზე შეადგინა 360,000 ლარი. აუდიტის შედეგად დადგინდა სხვა შესყიდვებიც, როდესაც შესყიდულ საქონელზე ფასნამატი იყო არაგონივრულად მაღალი. მაგალითად, 2011 წლის სექტემბერში შპს „მეჯიქ კომპანისგან“ შესყიდულია სიჩქარის საზომი რადარები 2,049,900 ლარად, სადაც შპს „მეჯიქ კომპანისთვის“ ფასნამატის სახით გადახდილია 551,800 ლარი.
ამრიგად, აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაეკონომიურად გახარჯულია 1,660,800 ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის მასალებს შემდგომი მოკვლევისათვის გადაუგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს.
იხ. ტელესიუჟეტები
იხ. რადიო
