სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრა: „გადამზადების ცენტრისა და გადამზადების პროგრამების მომზადების შესახებ“ 10 ოქტომბერი, 2009

2009-10-09 00:00:00

6 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონ სას ივერიის“ საკონფერენციო დარბაზში მმართველობისა და მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობის (SIGMA) ორგანიზაციის ინიციატივით საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა გახლდათ „გადამზადების ცენტრისა და გადამზადების პროგრამის მომზადება სახელმწიფო აუდიტისათვის“.

არსებული ვითარების ანალიზისა და სახელმწიფო აუდიტის ეფექტური გადამზადების სისტემის შექმნის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძემ. მისი თქმით, „ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო აუდიტისათვის გადამზადების სისტემების ჩამოყალიბების სხვადასხვა გზების წარმოდგენასა და განხილვას ისახავს მიზნად. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა სახელმწიფო აუდიტის გადამზადების სისტემის და გადამზადების პროგრამების შექმნისას სხვადასხვაგვარად იყენებს აუდიტორული საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებს. ამ სამუშაო შეხვედრის მიზანიც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების გაცნობა გახლავთ, რომელიც შემდგომში საქართველოში ეფექტური გადამზადების სისტემის ჩამოყალიბებას დაედება საფუძვლად“.

ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადამზადების პროგრამისა და სისტემის შესახებ ქართველ აუდიტორებს ლატვიის აუდიტის სამსახურის პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი იანის ბედრეტისი ესაუბრა. ბატონმა იანისმა ყურადღება გაამახვილა გადამზადების სისტემის, გადამზადებისათვის საჭიროებათა განსაზღვრის, გადამზადების პროგრამების შექმნის, თავად გადამზადების გეგმისა და გადამზადების ეფექტიანობის შეფასებების შესახებ.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება, ამ სისტემის მუდმივი გადახალისებისა და გაუმჯობესებისათვის ზრუნვა. თავად გადამზადების პროცესი რამდენიმე მნიშვნელოვან საფეხურს მოიცავს: მუშაობის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლებისათვის ზრუნვა, მოხელეთა მოტივაცია და არსებული რესურსების რაციონალური გამოყენება“ - დასძენს იანის ბედრეტისი.

ადრეული 80-იანი წლებიდან დღემდე: „ალგემენე რეკენკამერის“ სწავლისშემდგომი გადამზადების პროგრამის შესახებ ისაუბრა ჰოლანდიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტ-დირექტორმა იურიე ვოსმა.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს ევროპის უმაღლეს აუდიტორულ სამსახურებში სწავლისშემდგომი გადამზადების 2009 წლის სექტემბერში ჩატარებული საერთაშორისო სემინარის პროგრამის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა ევროპული თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მთავარმა მრჩეველმა ბიანკა ბრეტეჩემ.

სამუშაო შეხვედრა სემინარის მონაწილეთა შეკითხვებისა და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.