სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 11 თებერვალი, 2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულება 

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 19.0% და 17.0% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, 1,244.6 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

სამუშაოების მიწოდების ვადის დაუსაბუთებელი ზრდა - მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რის გამოც ინფრასტრუქტურული პროექტების სახით განსაზღვრული პროდუქტი მოსახლეობას დადგენილ დროში ვერ მიეწოდა. აღნიშნულის შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო, დაახლოებით, 77.1 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.

სახელმწიფო შესყიდვების მართვა

არასათანადოდ დასაბუთებული დისკვალიფიკაცია - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაუსაბუთებლად მისცა პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა 179.3 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

ქონების მართვა და განკარგვა

მიუღებელი შემოსავლები - მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები, შემოსავლების ადმინისტრირების კუთხით, სუსტია:
– მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან დროულად ვერ მიიღო 163.5 ათასი ლარის შემოსავალი;
– 2019-2020 წლებში იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებელმა 287.0 ათასი ლარი შეადგინა.

იურიდიული პირების მართვა

იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ეფექტიანი მართვა − სხვადასხვა ა(ა)იპ ეწევა ერთსა და იმავე საქმიანობას და მათი ფუნქციები დუბლირებულია.

სოციალური უზრუნველყოფა

სოციალური დახმარების გაცემის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული მოსახლეობის ფინანსური დახმარების გაცემის წესი ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს.

მმართველობითი გადაწყვეტილებები

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ:

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების დასაფინანსებლად;
  • შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
  • დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რათა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების ცვლილება არ განხორციელდეს დაუსაბუთებელი გარემოებებით, გაითვალისწინოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლები. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ვადებისა და სხვა პირობების დარღვევისათვის გაავრცელოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. შედეგად, დროულად მიიღება ის პროდუქტი, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის;
  • ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით, მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებას;
  • განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენასა და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ:

  • შეიმუშაოს კონტროლის სათანადო მექანიზმები საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის გასაუმჯობესებლად. დანერგოს კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სარგებლობაში გაცემული ქონებიდან მისაღები საიჯარო თანხის სრულად და დროულად ამოღებას. ამასთანავე, ჩაატაროს მიუღებელი საიჯარო თანხების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად;
  • საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად რაციონალურად ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, შეისწავლონ ა(ა)იპებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და მათზე დახარჯული სახსრები, შეაფასონ დაფუძნებული სუბიექტების სარგებლიანობისა და არსებული საკადრო პოლიტიკის საკითხი და მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის მათი საქმიანობის ეფექტიანობას.