სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 31 დეკემბერი, 2021
მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017, 2016, 2015, 2014


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს. ადგილობრივი თვითმმართველობები მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს ქმნიან მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მუნიციპალური სერვისების მიწოდების მიზნით. 2014-2019 წლებში გაიზარდა ა(ა)იპ-ების რაოდენობა და დაფინანსების მოცულობა, რამაც შესაბამისად გაზარდა მათი როლი თვითმმართველობების საქმიანობაში. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების დაფუძნების, მართვისა და კონტროლის პროცესი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: 

მუნიციპალიტეტების ფუნქცია-მოვალეობები მსგავსია, რაც ა(ა)იპ-ების ერთსა და იმავე სფეროში შექმნას უნდა იწვევდეს, თუმცა თვითმმართველობების პოლიტიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან იურიდიული პირების საქმიანობის სფეროების შერჩევის კუთხით. მაგალითად, სამ მუნიციპალიტეტში ცალკე ა(ა)იპ ფუნქციონირებს, რომელიც გარე განათების ქსელის ექსპლოატაციას ახორციელებს, 38-ში კი გარე განათების ქსელს ისეთი ა(ა)იპ-ები ემსახურება, რომლებიც პარალელურად სხვა მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას უწევენ მომსახურებას. დანარჩენ 23 შემთხვევაში თვითმმართველობა მომსახურებას ყიდულობს სახელმწიფო შესყიდვის გზით ან დაფუძნებული აქვს შპს; ხუთ  მუნიციპალიტეტში გამწვანებული ტერიტორიების, პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობისთვის ცალკე ა(ა)იპ არის დაფუძნებული, მაშინ როდესაც სხვა თვითმმართველობებში გამწვანების მოვლა-პატრონობა რომელიმე კომპლექსური ა(ა)იპ-ის ფუნქცია არის ან ხდება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გზით შეძენა; 20 მუნიციპალიტეტში 28,287.3 ათასი ლარი არის დახარჯული ისეთი ა(ა)იპ-ების ფუნქციონირებაზე, რომელთა საქმიანობის სფეროც მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში გვხვდება და სხვაგან ანალოგიური ფუნქციების ორგანიზაციები არ არის შექმნილი და სხვ. 

ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში გვხდება საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ. მსგავსი სურათი განსაკუთრებით დამახასიათებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ა.შ.). ა(ა)იპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს. 

მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ა(ა)იპ-ების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად გაანალიზებული. სათანადოდ არ იგეგმება, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და რა თანმიმდევრობით, როგორი უნდა იყოს მიმდინარე ამოცანები კონკრეტულ სფეროში საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ის დაფუძნების იდეამ არ გაამართლა და საჭირო გახდა მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ან ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მისი საქმიანობის შედეგები არაეფექტიანია. მთლიანობაში, 2014-2019 წლებში დასახული მიზნების მიუღწევლობის მოტივით 169 იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მათ დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61,592.8 ათასი ლარია გადახდილი, შესაბამისად, აღნიშნული თანხები შესაძლებელია შეფასდეს როგორც − არაეფექტიანი ხარჯი.

მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვა არ ეფუძნება სათანადო გათვლებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობები ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახორციელებენ ა(ა)იპ-ების ლიკვიდაცია/გაერთიანებას, 2014-2019 წლებში ადმინისტრაციული პერსონალი − 25%-ით, ხოლო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება − 71%-ით არის გაზრდილი. 

მერიებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 40,074 კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 17,932 დასაქმებულით გაიზარდა და 58,006 კაცი შეადგინა. რაც შეეხება თბილისს, 2015 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 2,876-დან − 3,395-მდე გაიზარდა. შედარებისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 2014 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 40.9 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო ა(ა)იპ-ებში იმავე პერიოდში ზრდამ ჯამში 18.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის 45%-ია. აღსანიშნავია, რომ სულ სახელმწიფო სექტორში 2019 წლის მონაცემების მიხედვით დასაქმებული არის 299,700 ადამიანი, შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა რაოდენობა მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 20.5%-ს შეადგენს. თვითმმართველობებს ორგანიზაციების საშტატო რიცხოვნობის დამტკიცების დროს არ აქვთ გაკეთებული სათანადო გათვლები, სადაც დასაბუთებული იქნებოდა თითოეული დაქირავებულის საჭიროება. შედეგად, ა(ა)იპ-ებში არ აქვთ მოსამსახურეთა თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობები, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები. ამასთანავე, ზოგიერთი დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაოები გაურკვეველია, ასევე ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები.

ორგანიზაციების სათანადო ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი საოფისე ფართით უზრუნველყოფა, რათა დასაქმებულებმა სათანადო პირობებში შეძლონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა) იპი-ების შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისას გამოვლინდა, რომ 14 ა(ა)იპ-ში ადმინისტრაციაში დასაქმებულ ერთ ადამიანზე მოდის 1-5 კვ.მ-მდე საოფისე ფართი. საკმარისი საოფისე ფართის არარსებობა რეალურად შეუძლებელს ხდის ერთდროულად ყველა ადმინისტრაციული პერსონალის სამსახურში ყოფნას და სამუშაო პროცესის სათანადოდ წარმართვას. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციები იქმნება იმ პირობებში, როდესაც თვითმმართველობა ა(ა)იპ-ებს ვერ უზრუნველყოფს მისი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო საკმარისი მატერიალური რესურსებით. 

მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფუნქციონირებს 67 ა(ა)იპ, რომელთაც არ გააჩნიათ საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარი (კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი და სხვა სახის ინვენტარი). 2014-2019 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45,062.9 ათასი ლარი გახარჯულია ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებსაც საჭირო მატერიალური რესურსები არ ჰქონდათ და შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დასახული მიზნების მიღწევას.
 

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს

რეკომენდაცია:

მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეისწავლონ, ემყარება თუ არა ა(ა)იპ-ის შექმნა რეალურ საჭიროებებს და რამდენად არის ცალკე იურიდიული პირის დაფუძნება და ფუნქციონირება საუკეთესო ალტერნატივა მოსახლეობისთვის კონკრეტული სერვისების მისაწოდებლად. ასევე განიხილონ მსგავსი ფუნქციებისა და მიზნების მქონე იურიდიული პირების კონსოლიდაციის შესაძლებლობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონკრეტული პროგრამების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანიზაციებში ერთიანი პოლიტიკის დანერგვას, იურიდიულ პირებს შორის ფინანსური რესურსების ოპტიმალურ განაწილებას და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას.

რეკომენდაცია: 

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ა(ა)იპ-ების საქმიანობის დაგეგმვის და მართვის პროცესში იხელმძღვანელონ ხარჯთეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობა გადაწყვეტს დაფუძნებული იურიდიული პირების რეორგანიზაციას, მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმოს რეორგანიზაციის მიზნები/ამოცანები და უზრუნველყოს მათი შესრულება. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების მართვის ეფექტიანობას. 

რეკომენდაცია:

მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეისწავლონ მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკადრო პოლიტიკა, განახორციელონ ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი, შეაფასონ იდენტური ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულების არსებობის მიზანშეწონილობა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს ა(ა)იპ-ების ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. 

რეკომენდაცია: 

მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შეისწავლონ იმ ა(ა)იპ-ების საქმიანობა, რომლებსაც არ აქვთ სათანადო მატერიალური რესურსები ფუნქციების განსახორციელებლად და გაატარონ სათანადო ღონისძიებები. ასევე განიხილონ ა(ა)იპ-ებზე გადაცემული არაპროფილური და ისეთი ქონების მართვის საკითხი, რომელსაც იურიდიული პირები არ იყენებენ. მიზანშეწონილია, გამოუყენებელი ქონება თვითმმართველობამ დაიბრუნოს თავის ბალანსზე და მართვის საუკეთესო პრინციპებიდან გამომდინარე, გამოიყენოს ის მუნიციპალიტეტის მიზნების შესაბამისად. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქონების ოპტიმალურად განკარგვას.