მიმდინარე წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელმა, დოქტორმა გაბრიელე ბიორინგერმა საქართველოს კონტროლის პალატასა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება, საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, 2003 წლიდან მოყოლებული კონტროლის პალატაში განხორციელებული არაერთი საინტერესო წამოწყების თანამოაზრე, ხელშემწყობი და მონაწილე გახლავთ. ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა დღემდე გრძელდება და მიმდინარე წლის მაისის თვეში გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებზე აღნიშნული თანამშრომლობის 2010 წლის დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ხელმოწერით იქნა განმტკიცებული.
ზემოხსენებულ მემორანდუმში კონკრეტულადაა გაწერილი ყველა ღონისძიება და თარიღი, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს დონორი ორგანიზაცია და რომლის ფარგლებშიც ითანამშრომლებენ მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები.
მემორანდუმის ჩარჩოებში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთობლივად, საქართველოს კონტროლის პალატაში შესაძლებელი გახდება კონტროლის პალატის კომპეტენტურობის უზრუნველყოფა ეფექტიანობის აუდიტის დანერგვისა და განხორციელების თვალსაზრისით; კონტროლის პალატის ახალი კანონის INTOSAI-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; რეგლამენტის შემდგომი სრულყოფა; კონტროლის პალატის ახალი კანონის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აუდიტი); კონტროლის პალატის ურთიერთობის ხელშეწყობა აუდიტის ობიექტთან და საზოგადოებასთან; საკადრო საკითხებთან მიმართებაში ახალი სტანდარტების მიღება და კადრების შერჩევა, სასწავლო პროგრამების შემუშავება და სასწავლო კურსების მომზადება-ჩატარება.
ამას გარდა, მემორანდუმით გათვალისწინებულია მეზობელი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სასწავლო სემინარებისა და ერთობლივი აუდიტორული შემოწმებების ორგანიზება, ქართველი აუდიტორების სტაჟირება გერმანიაში და გერმანიის ფედერაციისა და ფედერალური მიწების საანგარიშო პალატების სასწავლო ცენტრებთან კონტაქტების დამყარება.