სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 16 ივნისი, 2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულება

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები -  მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 33% და 41% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები -  მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 2,841.5 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გამოუყენებელი/დაუსრულებელი პროექტები - მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, ასევე შეძენილი აქტივების განკარგვის მხრივ, მიმდინარეობს ხარვეზებით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა, არაეფექტიანად დახარჯა 81.3 ათასი ლარი და პროექტების განხორციელებით დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

შესყიდვების მართვა

პრეტენდენტის არასწორი დისკვალიფიკაცია - მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. პრეტენდენტის არასაკმარისად დასაბუთებული დისკვალიფიკაციის შედეგად მუნიციპალიტეტმა დაკარგა 8.5 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

აფიდავიტის პირობის დარღვევა - ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები იყვნენ ურთიერთდაკავშირებული პირები და სავარაუდოდ მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. სატენდერო კომისიას არ უმსჯელია და ვერ გამოავლინა აფიდავიტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევა და არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

გამარტივებული წესით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხარვეზები - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს ზედმეტად აუნაზღაურა 12.9 ათასი ლარი.

დაურიცხავი და ამოუღებელი ჯარიმები - ხელშეკრულების ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების ადმინისტრირების პროცესში მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები. მერიამ მიმწოდებლებს არ დაარიცხა საჯარიმო თანხა 70.8 ათასი ლარი, ასევე ვერ უზრუნველყო 83.2 ათასი ლარის დარიცხული პირგასამტეხლოს მიღება.

მუნიციპალური სერვისების მიწოდება

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები: მოსახლეობის წყალმომარაგებაზე ფუნქციურად პასუხისმგებელი არ არის არცერთი სამსახური. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები მუნიციპალიტეტში სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება - ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად, 2020 წლის იანვარში საკრებულოსა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ ზედმეტად აუნაზღაურდათ ჯამში − 3.1 ათასი ლარი.

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობის ზღვრის დარღვევა - მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული შრომის გამოყენების პრინციპი არ შეესაბამება საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად ხარჯვის ვალდებულებას. შრომითი ხელშეკრულებით ერთდროულად დაქირავებულთა რაოდენობა 2020-2021 წლებში მინიმუმ 18 ერთეულით აღემატებოდა კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად ანაზღაურებული ხარჯი - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 58.5 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

საინფორმაციო მომსახურების შესყიდვის ხარვეზები - 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტმა 40.2 ათასი ლარი დახარჯა საინფორმაციო-სარეკლამო სახის მომსახურების შესასყიდად. მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა კონკრეტული საინფორმაციო პროგრამების შესყიდვის საჭიროება, ასევე დახარჯული ფულადი რესურსისა და მიღებული შედეგის ადეკვატურობა.

მუნიციპალური ქონების მართვა

ქონების განკარგვაში არსებული ხარვეზები -  მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაიცვა საკუთარი კანონიერი ინტერესები და ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები 19.6 ათასი ლარის სრულად და დროულად მობილიზება.

იურიდიული პირების მართვა

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის ხარვეზები -  დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით; დასაქმებულებს არ აქვთ სათანადო ფუნქციური დატვირთვა და მათი რაოდენობა არ არის ოპტიმიზებული.

მმართველობითი გადაწყვეტილებები

საბიუჯეტო რესურსების დაუგეგმავი ხარჯვა - 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტის გადასახდელებში ხარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა, შესაბამისად, 15%-ით და 23%-ით გადააჭარბა გეგმით განსაზღვრულ პარამეტრებს. მერია გადახდის ვალდებულებებს იღებდა და თანხებს სისტემატურად ხარჯავდა დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტების პარამეტრების შეუსაბამოდ. 

ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ხარვეზები - მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესი მიმდინარეობდა ნაკლოვანებებით: ხარვეზები გამოვლინდა პრიორიტეტების დოკუმენტის ფორმირების, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შედგენის, საკრებულოში დროულად წარდგენისა და სახაზინო მონაცემებთან თანხვედრის მიმართულებებით.

დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან - 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი 67.3 ათასი ლარის ხარჯი გამოიწვია.

შესყიდვების გეგმის ხარვეზები - შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებამდე მუნიციპალიტეტს არ დაუკორექტირებია შესყიდვების წლიურ გეგმაში მითითებული მონაცემები, რის გამოც 2020 წელს 3,928.0 ათასი ლარით, ხოლო 2021 წელს – 2,402.0 ათასი ლარით გადააჭარბა შესყიდვების წლიური გეგმით დამტკიცებულ პარამეტრებს. 
ასევე: შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში 130 შემთხვევაში არასწორად იყო მითითებული ინფორმაცია ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ.

ა(ა)იპ - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დაფინანსების ხარვეზები - წითელი ჯვრის საზოგადოებასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა დახარჯა 35.0 ათასი ლარი. მერია პრაქტიკულად არ ატარებდა მემორანდუმით გათვალისწინებულ მონიტორინგს პროგრამით დაგეგმილი ამოცანების შესრულებასა და დახარჯული თანხების მიზნობრიობაზე. შესაბამისად, არ არის შესწავლილი გაწეული ხარჯის ეფექტიანობა და ღონისძიებების შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებთან.

საკონსულტაციო მომსახურების დაუსაბუთებელი შესყიდვა - მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 10.0 ათასი ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერია ვერ უზრუნველყოფდა საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადოდ მობილიზებას. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი. 

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა

შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარვეზები - შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუსწავლია ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის სისტემები, არ გამოუვლენია სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუცია შესაბამისი რეკომენდაციები. შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მერიის საქმიანობის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია N1: 

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია და ბიუჯეტის განწერისას დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

რეკომენდაცია N2: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

რეკომენდაცია N3:

მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებში სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულად დასრულებას, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას.

რეკომენდაცია N4: 

მერიამ შეიმუშაოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები პრეტენდენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამოსავლენად, ასევე შეისწავლოს დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის და/ან ხელშეკრულების გაფორმებისგან თავის არიდების შემთხვევები და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდვების პროცესის კონკურენტულ გარემოში წარმართვასა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია N5: 

მერიამ შეიმუშაოს წესი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით დეტალურად უნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები; არ დაუშვას არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმება და საბოლოო ანგარიშსწორება განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში. ასევე, განახორციელოს სათანადო ქმედებები დარიცხული საჯარიმო თანხების ბიუჯეტში მობილიზების მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას, მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებასა და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.

რეკომენდაცია N6: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით, მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. საჭიროა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

რეკომენდაცია N7: 

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია N8: 

საკრებულომ მერიასთან შეთანხმებით შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები; საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის ჩიპების (მეხსიერების ბარათის) მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.

რეკომენდაცია N9: 

მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა დაარეგულირონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრებში. ამასთანავე, დაქირავებული შრომა გამოიყენონ მხოლოდ საჯარო მოხელეებისაგან განსხვავებული ფუნქცია- მოვალეობების ან დროებითი ამოცანების შესასრულებლად, რაც სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ოპტიმალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია N10: 

მერიამ საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებს. სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში მერიამ შეაფასოს სუბიექტების საქმიანობის მიმართულებები და სარგებლიანობა; ასევე შეისწავლოს ორგანიზაციებში არსებული საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და რეალური საჭიროების მხრივ და უზრუნველყოს დასაქმებულთა რაოდენობის ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

რეკომენდაცია N11: 

მერიამ და საკრებულომ კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დაგეგმონ საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების კომპლექსური ღონისძიებები და ამ მიზნით მიმართონ შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის არანაკლებ 1%. აღნიშნული ხელს შეუწყობს თვითმმართველობის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ხარისხიანად შესრულებას.

რეკომენდაცია N12: 

მერიამ საკრებულოსთან ერთად იმსჯელოს გადამხდელთა ბაზის ფორმირებისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაგეგმილი მაჩვენებლის მობილიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიული და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებლის გაზრდას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და კუთვნილი შემოსავლების მიღებას.

რეკომენდაცია N13: 

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, ინვენტარიზაციის შედეგების დადგენას და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენას. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.

რეკომენდაცია  N14:
 
მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარად წარმართვა, რომ განხორციელდეს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლა და შეფასება, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენა. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.