სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თელავის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2020-2021 წლებში, შესაბამისად, 32% და 37% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,576.3 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული ობიექტები - მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც დაუსრულებელია და ვერ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 1,632.0 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.
მუნიციპალიტეტმა ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციაში დახარჯა 40.9 ათასი ლარი ისე, რომ სრულად არ გაითვალისწინა ექსპერტების დასკვნა გამაგრებით სამუშაოების აუცილებლობის შესახებ. ექსპერტიზის განმეორებითი დასკვნით, ბაღები კვლავ ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს.
მუნიციპალიტეტმა 10.0 ათასი ლარი დახარჯა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის რემონტზე. ობიექტი მალევე გასხვისდა და მოსახლეობა ვერ იყენებს.
სამუშაოების მიწოდების ვადის დაუსაბუთებელი ზრდა - მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადები, რამაც ხელი შეუწყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით დასრულებას. ამასთანავე, აღნიშნული ქმედებების შედეგად მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო, დაახლოებით, 55.2 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.
ხარვეზებით შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შედეგად, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ დოკუმენტაციას, რაც გავლენას ახდენდა მიწოდების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე, ამასთანავე, აუარესებდა მერიის პირობებს. მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია.
მუნიციპალური სერვისების მიწოდება
მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი; მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით; წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; არალიცენზირებული პირი ვერ უზრუნველყოფს წყლის გადასახადის ადმინისტრირებას, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაპროდუქტიულად იხარჯება.
შესყიდვების მართვა
მუნიციპალიტეტის მიერ მიუღებელი საგარანტიო თანხები - მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ განსაზღვრა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადები და გარანტორისაგან არ მოითხოვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო თანხების ანაზღაურება. შედეგად, ორი შესყიდვის ფარგლებში, შეუსრულებელი ხელშეკრულებების სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო 190.2 ათასი ლარის კომპენსაცია.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
ავტოპარკის მართვის ხარვეზები - 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 3-4 ერთეულით აღემატება საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას.
საკრებულოს წევრებზე დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გაწეული ხარჯები - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 138.7 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.
ქონების მართვა და განკარგვა
მიუღებელი საიჯარო შემოსავლები - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში არ გადასინჯა წინა წლებში იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ქირა; გარდა ამისა, ქონება იჯარით გასცა პირდაპირი განკარგვის გზით, სათანადო დასაბუთების გარეშე, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა; კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, სათანადო რეაგირების გარეშეა დარჩენილი სხვადასხვა პირის მიერ მუნიციპალიტეტის ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები
ა(ა)იპ-ების მართვის ხარვეზები - დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება. სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
მმართველობითი გადაწყვეტილებები
ა(ა)იპ − კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დაფინანსების ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში 130.0 ათასი ლარით დააფინანსა მის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია − ვიზით კახეთი. მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგი და არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებებისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის ეფექტიანობის შესახებ. ამდენად, მუნიციპალიტეტის ჩართულობა დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობაში არასაკმარისი და არაეფექტიანია.
საკონსულტაციო მომსახურების დაუსაბუთებელი შესყიდვა - მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა თუ რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მემორანდუმის ფორმით 40.0 ათასი ლარის საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. მერია ვალდებული იყო პირველ რიგში გამოეყენებინა საკუთარი შრომითი რესურსი, ხოლო მოხელეების პროფესიული განვითარების საჭიროებისას, მომსახურება შეესყიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დასუფთავების მოსაკრებლის არასათანადო ადმინისტრირება - მერიამ ვერ უზრუნველყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზის შექმნა და მოსაკრებლის სათანადოდ ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.