სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ვიდეოკონფერენცია მსოფლიო ბანკისა და კორეის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობით 14 იანვარი, 2016

13 იანვარს, მსოფლიო ბანკის ოფისში შედგა ვიდეოკონფერენცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, მსოფლიო ბანკისა და კორეის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BAI) წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კორეელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება, აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებით.

საყურადღებოა, რომ კორეის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ დანერგილი მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, ჩატარებული პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სას-ისათვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია, რაც შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ქართული მხარის მიერ შემდგომში, აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით. ამასთანავე, სას-ის წარმომადგენლებმა გააცნეს კორეულ მხარეს დღეს არსებული მდგომარეობა და ინიციატივები, აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას დამსწრე მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე. თავის მხრივ, მსოფლიო ბანკმა გამოთქვა მზაობა კორეისა და საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.