სახელმწიფო აუდიტის სამსახური

„დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში“ აუდიტის მიგნებებზე და რეკომენდაციებზე INTOSAI Journal-მა სტატია გამოაქვეყნა 18 ნოემბერი, 2022

უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო გაერთიანების ინტერნეტ გამოცემამ (INTOSAI Journal) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ეფექტიანობის აუდიტზე „დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში“ სტატია გამოაქვეყნა.

სტატიაში ასახულია კოვიდ-პანდემიის პირობებში საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებული დასკვნები, დისტანციური სწავლების შედეგები, მოსალოდნელი გავლენა და გატარებული ღონისძიებები.  

გამოცემაში განხილულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად შექმნილი ღირებულება და პროცესების გაუმჯობესების პოტენციალი. კერძოდ, აუდიტის ანგარიშის შედეგად გაცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ემსახურება როგორც მომავალი შესაძლო საგანგებო მდგომარეობებისას მმართველობის გაუმჯობესებას, სათანადო მზაობასა და რეაგირებას განუსაზღვრელი მოვლენების დადგომისას, ასევე მიღებული გამოცდილების სამომავლოდ გამოყენებას პანდემიამდე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად.

„დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში“ აუდიტი ერთ-ერთი საპილოტე პროექტია, რომელიც განხორციელდა USAID-ის მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის განვითარების ცენტრის (CAE) ექსპერტების ჩართულობით და ითვალისწინებს ეფექტიანობის აუდიტებში რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასების მეთოდების დანერგვას. 

უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) ჟურნალი (INTOSAI Journal) ყოველკვარტალურად გამოიცემა და აქვეყნებს საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში მიმდინარე სიახლეებს, რაც ხელს უწყობს უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუციებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.