სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ცენტრალური 13 ოქტომბერი, 2014
დასკვნა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე მიზნად ისახავს კანონპროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, პირველ რიგში, აუცილებელია დამატებითი ყურადღება გამახვილდეს 2015-2018 წლებისთვის „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით“ (BDD) გათვალისწინებულ მაკროეკონომიკურდაშვებებზე. რამდენადაც, სწორედ მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზები უდევს საფუძვლად ფისკალური გეგმის ჩამოყალიბებასა და დასაგეგმი წლის საბიუჯეტო აგრეგატების განსაზღვრას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზირებისას ალტერნატიული წყაროების (საერთაშორისო ორგანიზაციების) ანალოგიური მაჩვენებლების გათვალისწინება. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გასული სამი წლის 8 თვის შესრულების წილობრივ მაჩვენებლებსა და მიმდინარე წლის 8 თვის ტენდენციებზე (ექსტრაპოლაციის მეთოდზე) დაყრდნობით, წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დაშვებების გათვალისწინებით, კანონპროექტით განსაზღვრული ცალკეული საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს.

რაც შეეხება გადასახდელების დაგეგმვას, მიმდინარე წელს მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოვლენილი დაბალი ათვისების ტენდენციების გათვალისწინებით, 2015 წლის კანონპროექტით განსაზღვრული მაჩვენებლების განხილვისას, მიზანშეწონილია, მიმდინარე წლის შესრულების ტენდენციების გათვალისწინება. კერძოდ, ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის, რომლებიც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 8 თვის განმავლობაში ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით  გათვალისწინებულია ასიგნებების მოცულობის ზრდა ან იმავე დონეზე შენარჩუნება. რიგ შემთხვევებში, სხვაობა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციასა და მომავალი წლის გეგმას შორის, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთავრობის პრიორიტეტების ან სტრუქტურულ ცვლილებებსა და დისკრეციულ გადაწყვეტილებებთან, თუმცა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაგეგმვისას, სხვა მიზეზებთან ერთად მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს მიმდინარე წლის შესრულების ტენდენციები და მათთან დაკავშირებული ხარვეზები, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნეს ათვისების შესაბამისობა განსაზღვრულ გეგმასთან. გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე საყურადღებოა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით წარმოდგენილი ცალკეული ქვეპროგრამებისათვის განსაზღვრულ იქნა ასიგნებების მნიშვნელოვანი ზრდა 2014 წელთან შედარებით, თუმცა გაურკვეველია რის საფუძველზე იგეგმება აღნიშნული ზრდა, იმის გავითვალისწინებით, რომ კანონპროექტის პროგრამული დანართით წარმოდგენილი ქვეპროგრამების მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები გასული წლის იდენტურია. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, მოხდეს ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი ღონისძიებების, მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების უფრო დეტალური აღწერა შესაბამისი რაოდენობრივი მაჩვენებლის მითითებით.

რაც შეეხება ვალდებულებების კომპონენტს, სახელმწიფო ბიუჯეტის 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით დაგეგმილია სახელმწიფო ვალდებულებების ზრდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი სახაზინო ობლიგაციების ემისია გათვალისწინებული არ არის. 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. გამომდინარე იქიდან, რომ 2015 წელს მისაღები საგარეო საკრედიტო რესურსის უდიდესი ნაწილი საინვესტიციო ხასიათისაა, მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების ეფექტიანი ათვისება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გასული და მიმდინარე წლის მსგავსად ათვისების დაბალი მაჩვენებლები.

გარდა ამისა, საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების - ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით მომზადების  დანერგვის პროცესთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოცემულია 2015 წლის ბიუჯეტის პროგრამული დანართის ანალიზი.  მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულ ფორმატში უკვე მეოთხე წელია მზადდება, პროგრამულ დანართში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების ფორმირებისას, რაც ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების ეტაპზე დასახული შედეგების შესრულების შეფასებას ართულებს.  ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები არსებული „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის“ გაუმჯობესების მიმართულებით.