სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიზნად ისახავს საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფისათვის, ასევე სახელმწიფოს სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, დასკვნაში მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციები:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით დაკორექტირების საჭიროება, შესაძლებელია გათვალისწინებული ყოფილიყო 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე - რამდენადაც, მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობის ოდენობა დამოკიდებულია გასული (2014) წლის ეკონომიკურ ზრდაზე, ცვლილების კანონის პროექტით წარმოდგენილი მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით დაკორექტირების საჭიროება, შესაძლებელია გათვალისწინებული ყოფილიყო 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე. აღნიშნული გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის დამატებითი დასაბუთების საჭიროებასთან დაკავშირებით, ყურადღება იქნა გამახვილებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში „2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ“;
- სხვა შემოსავლების ცალკეული კომპონენტების საპროგნოზო მაჩვენებლები დამატებით დასაბუთებას საჭიროებს - კერძოდ, 2015 წლის 5 თვის მდგომარეობით რენტის სახით აკუმულირებულ იქნა 11 მლნ ლარი, მაშინ როცა მისი წლიური გეგმური მაჩვენებელი მხოლოდ 7 მლნ ლარს შეადგენს. ანალოგიურად, ნებაყოფლობით ტრანსფერების (გრანტების გარდა) მუხლით მობილიზებული საბიუჯეტო რესურსების ოდენობამ 6 მლნ ლარი შეადგინა და 4 მლნ ლარით გადააჭარბა მის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, წარმოდგენილ კანონპროექტში ასახული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები ეფუძნებოდეს და ითვალისწინებდეს მიმდინარე წლის მობილიზების ტენდენციებს და ასახავდეს მოსალოდნელი შედეგების რეალისტურ სურათს;
- წარმოდგენილი ცვლილების კანონის პროექტით, ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის ასიგნებებში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, არ დაკორექტირებულა მათი მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები - ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემთხვევაში, კანონპროექტში გათვალისწინებულია ასიგნებების მნიშვნელოვანი ცვლილებები 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შედარებით, თუმცა აღნიშნული პროგრამების/ ქვეპროგრამების მიზნებში, მოსალოდნელ შედეგებსა და შედეგების შეფასების ინდიკატორებში ცვლილებები არ განხორციელებულა. შედეგად, პროგრამულ დანართში მოცემული არაფინანსური ინფორმაციის საფუძველზე ვერ ხერხდება იდენტიფიცირება თუ კონკრეტულად რომელი ღონისძიებების შეჩერებას გამოიწვევს ასიგნებების შემცირება ან რა დამატებითი სარგებელი იქნება მიღწეული გაზრდილი ასიგნებების პირობებში;
- 2015 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილების კანონპროექტით, მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში და აჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგია „საქართველო 2020“-ით განსაზღვრულ ლიმიტს (40%) - სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით 1,971 მლნ ლარით იზრდება და 13,780 მლნ ლარს უტოლდება. აღნიშნული ცვლილებები ძირითადად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-ის მოსალოდნელ მაჩვენებელთან მიმართებაში 5%-ით აჭარბებს „საქართველო 2020“-ით განსაზღვრულ ლიმიტს და 45%-ს უტოლდება. ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, რაც უარყოფითად აისახება სახელმწიფო ვალის ტვირთის მაჩვენებელზე (ვალი/მშპ) და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებელი სცდება სტრატეგიული დოკუმენტით „საქართველო 2020“-ით განსაზღვრულ ლიმიტს, მიზანშეწონილია წარმოდგენილ კანონპროექტს თან ერთვოდეს სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სახელმწიფო ვალის მდგრადობის შეფასება როგორც საშუალო ასევე გრძელვადიან პერიოდში.