სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 22 ნოემბერი, 2019
გორის მუნიციპალიტეტის 2017 - 2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები:

  • მუნიციპალიტეტს    ნაშთის    სახით    საკუთარ    ანგარიშზე    გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები. თუმცა ვერ უზრუნველყო თანხების გამოყენება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, ასევე დაუსრულებელი და დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დასრულებისათვის. შედეგად არსებული ფულადი სახსრები გამოიყენება არაეფექტიანად.
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, ორ შემთხვევაში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხო და დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზარალის ასანაზღაურებლად.
  • მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესყიდვებზე, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს. აღნიშნული შეზღუდვების გამო, ხშირ შემთხვევაში ტენდერები ტარდებოდა უკონკურენტო გარემოში, ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ან ხდებოდა დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია. შედეგად, გაიზარდა შესყიდვის ღირებულება, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს.
  • სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა, ფაქტობრივი დანახარჯებით ანაზღაურების შესახებ. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზედმეტად არის ანაზღაურებული დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები.
  • ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტს იჯარის ფორმით გაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლის ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად.
  • მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი.
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულ არც ერთ თანამშრომელს არ აქვს წარმოდგენილი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული შედეგები მიიღო მერიამ და როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს მივლინების შედეგად მიღებული ცოდნა სამუშაო პროცესში. შედეგად, მერიაში არსებული სამივლინებო პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ განვითარებას, მუნიციპალიტეტში დაგროვილი ცოდნის დოკუმენტირებას და მოსამსახურეთა შორის გაზიარებას.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.
  • დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად გაზრდილია. კერძოდ: ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია, ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატიანი და შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული მოსამსახურის არსებობა.
  • მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი ატენის წყლის სისტემა არ ფუნქციონირებს. პროექტის წარმატებული ფუნქციონირებისათვის, მერიამ ვერ უზრუნველყო სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა აეცილებინა წყალსადენის დაზიანების საფრთხე. შედეგად, მოწყობილი წყლის სისტემიდან მოსახლეობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყალი არ მიეწოდება.
  • მერიის მიერ დანერგილმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ობიექტების დროული აღდგენა. შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაზიანებული იყო შადრევანი, ტროტუარი, სკვერები და მინისტადიონები. მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ იყო გატარებული შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.
  • მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული არაეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებებისა და პროექტის განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების შედეგად, ვერ იქნა უზრუნველყოფილი საგრანტო დაფინანსების ათვისება. შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო მნიშვნელოვანი სარგებელი, პროექტი არ განხორციელდა და დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული. გარდა ამისა, აღნიშნული ხარვეზების გამო, საჭირო გახდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყენება, რაც წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.
  • მუნიციპალიტეტში ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვაში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
  • შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.

რეკომენდაცია №1: ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტმა საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად ან დაუსრულებელი პროექტების გასაგრძელებლად. ამასთანავე, ბიუჯეტი იმგვარად დაგეგმოს, რომ არსებული თავისუფალი ნაშთი დროულად და მაქსიმალურად გამოიყენოს მოსახლეობის სასიკეთოდ.

რეკომენდაცია №2: მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა. შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დაადგინოს დაზიანებების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №3: გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებიც არ გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას. კომისიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი, არადისკრიმინაციული მიდგომა. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №4: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნული უზრუნველყოფს, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას. საჭიროა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა.

რეკომენდაცია №5: გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, საბაზრო ფასებთან შესაბამისობის მიზნით, უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების საიჯარო ღირებულების გადახედვა. მნიშვნელოვანი სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში, მოიჯარეებთან შეთანხმებით განახორციელოს საიჯარო ფასების კორექტირება. ასევე, მუნიციპალიტეტმა დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე ქონება უსასყიდლოდ გასცეს მათი საჭიროებიდან გამომდინარე და დააწესოს კონტროლი ქონების მიზნობრივად და მუნიციპალური ინტერესების შესაბამისად გამოყენების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიუჯეტში საიჯარო შემოსავლების ზრდას. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია №6. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის, არ გადაიხადოს დამატებითი სახსრები. მიზანშეწონილია, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს   მუნიციპალიტეტში კომპეტენტური პირების დასაქმებას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს შეუძლია შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1%  მიმართოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №7: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი საჯარო მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების შესახებ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს მივლინების მიზნები, რომელიც შეესაბამება მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და ინტერესებს. ასევე მივლინებულ პირს უნდა ევალებოდეს ანგარიშის წარმოდგენა მივლინების შედეგების შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მივლინების მიმდინარეობის, მიღწეული მიზნებისა და შედეგების შეფასების შესახებ. აღნიშნული უზრუნველყოფს მივლინებაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თანამშრომლებს შორის გაზიარებას.

რეკომენდაცია №8: გორის მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ მოახდინოს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №9: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და შეასრულოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან.

რეკომენდაცია №10: მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მდგომარეობა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №11. მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. მერიამ სამუშაოების შესყიდვისას დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები და განახორციელოს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების დროულ გამოვლენას. შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა უნდა დაადგინოს დაზიანებების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №12: მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) დანერგოს კონტროლის პროცედურა/სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ხელს შეუწყობს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, აქტივების შენახვის, დაცვისა და ექსპლოატაციის წესების შესრულებას, ასევე ვალდებულებებისა და აქტივების აღრიცხვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №13: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის იმგვარი ჩამოყალიბება, რომელიც მოახდენს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №14: გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს, რატომ არ განხორციელდა სათანადო რეაგირება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის დროს გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევა-ნაკლოვანებაზე რეაგირება.