სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ბუქარესტში INTOSAI-ის ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის კონფერენცია გაიმართა 07 აპრილი, 2025

ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ ბუქარესტში INTOSAI-ის ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის მე-16 წლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია მიეძღვნა INTOSAI-ის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში არსებული ინიციატივების შესრულების შეფასებას, ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის მიმდინარე საქმიანობის გაუმჯობესების გზებს, ასევე 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმის მოსამზადებელ სამუშაოებს, სადაც განიხილეს სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრისა და მოქმედი პროცესების გაუმჯობესების საკითხები.

უმაღლესი აუდიტორული უწყებების წარმომადგენლებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ ორგანიზაციებში ეფექტიანობის აუდიტის პრაქტიკები და გამოცდილებები. ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის“ ეფექტიანობის აუდიტის შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილდა ძირითად მიგნებებსა და აუდიტში გამოყენებულ მეთოდოლოგიაზე. 

რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული უწყების მასპინძლობით და ირლანდიის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაში ქვეკომიტეტის 35-მდე წევრთან ერთად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები, როგორებიცაა ECA, IDI, AFROSAI-E.  

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2015 წლიდან აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის (PAS) საქმიანობაში, მათ შორის - სახელმძღვანელო დოკუმენტების, პროფესიული სტანდარტებისა და აუდიტის ფუძემდებლური პრინციპების განახლების პროცესში.

გასულ წელს, სამსახურის ორგანიზებით თბილისში გაიმართა INTOSAI PAS-ის მე-15 ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც 30 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 50 წარმომადგენელი ესწრებოდა.