სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩაატარებული 2012 წლის აუდიტის შედეგები 26 ივლისი, 2013

დღეს, 26 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩაატარებული 2012 წლის აუდიტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლინდა დარღვევებისა და არაეკონომიური ხარჯვის შემთხვევები:

პრივატიზების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვის გამო, სამ შემთხვევაში ვერ ხერხდება ხელშეკრულების გაუქმება და 5 მილიონ 10 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებისათვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2010 წლის დასაწყისში გამოყო 3 მილიონი ევროს სესხი. არაეფექტური მუშაობის შედეგად, ვერ მოხდა ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ათვისება რის გამოც ვალდებულების სახით 2011 და 2012 წლებში ჯამურად გადახდილია 85 ათასი ლარი.

აჭარის საავიაციო ბაზრის პოტენციალის შესასწავლად შპს „LUFTHANSA CONSULTING GMBH”-თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 310 ათას ევროს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მომსახურების სამ ეტაპს.
პირველი ეტაპის შემდეგ LUFTHANSA CONSULTING GMBH-ის მიერ ცნობილი იყო, რომ ბათუმში ახალი ავიაკომპანიის ჩამოყალიბება იქნებოდა არაეფექტური, მიუხედავად ამისა ხელშეკრულება გაგრძელდა, რის შედეგადაც არამიზნობრივად გახარჯულია 155 ათასი ევრო.

იხ. ტელესიუჟეტები