სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 04 თებერვალი, 2022
აჭარის ავტონომიერი რესპუბლიკის სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემური აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის ობიექტებად განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოთხი სამინისტრო: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სახელმწიფო შესყიდვების მომზადების ნაკლოვანებები

სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან რიგ შემთხვევაში არ ხდება მოსამზადებელი სამუშაოების დროს შეგროვებული ინფორმაციის სათანადო შესწავლა და ანალიზი, რაც შემდგომში სახელმწიფო შესყიდვების შეწყვეტის და შესაბამისად, შესყიდვის პროცედურების გაჭიანურების მიზეზი ხდება.

ბაზრის კვლევის ნაკლოვანებები

სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს ბაზრის კვლევა რიგ შემთხვევებში არ არის ჩატარებული ან/და ჩატარებული კვლევა ფორმალურია და არ ემსახურება პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნებს. მათ შორის, ბაზრის არასათანადო კვლევის შედეგია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრა. 2020 წელს 98 შემდგარი ტენდერიდან 39 შემთხვევაში ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ეკონომია, შედეგად, შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 2,004,522 ლარით. ამასთანავე, მთლიანი ტენდერების 26% გაიმართა ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში, სადაც შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა მხოლოდ 111,116 ლარით, 8%-ით. ბაზრის კვლევის ნაკლოვანებების გამო, ტენდერში/კონკურსში კონკურენციის არარსებობა ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება იწვევს არაეკონომიურ ხარჯს.

პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების ნაკლოვანებები

სატენდერო კომისია რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ სწავლობს პრეტენდენტის მიერ გამოცდილების შესახებ წარდგენილ დოკუმენტაციას და შესაბამისი გარემოებების არსებობის მიუხედავად, არ მსჯელობს დისკვალიფიკაციაზე.

გამარტივებული შესყიდვის ნაკლოვანებები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აფასებს გამარტივებული შესყიდვების განხორციელების საფუძვლებთან შესაბამისობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის თაობაზე. არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს მხრიდან თანხმობის გაცემის მომენტში გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენების კანონშესაბამისობის დადასტურებას. აქედან გამომდინარე, არის შემთხვევები, როდესაც გაცემული თანხმობები შემსყიდველის მხრიდან სხვადასხვა სახის შეუსაბამო გადაწყვეტილების საფუძველს ქმნის. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით, გამარტივებული წესით განხორციელებულია ისეთი საქონლის შესყიდვა, რომელზეც ტენდერის დროულად გამოცხადება არ გამოიწვევდა ღონისძიების შეფერხებით ჩატარებას.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების ნაკლოვანებები

მიმწოდებელთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა რიგ შემთხვევებში დაუსაბუთებულია, არ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, იწვევს პროექტების განხორციელების შეფერხებას და შესაძლოა მიმართული იყოს მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თავიდან არიდებაზე.

შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და საგარანტიო ვადების ნაკლოვანებები

სამინისტროებმა განახორციელეს 1,071,664 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ჩაიბარეს საექსპერტო დასკვნისა და ინსპექტირების ჯგუფის შეფასების საფუძველზე, თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ხარვეზები. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ხელშეკრულებებით შესრულებულ სამუშაოებზე მოქმედებს საგარანტიო ვადები, შემსყიდველ ორგანიზაციებს გონივრულ ვადებში არ აღმოუჩენიათ ხარვეზები და არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები მათი აღმოფხვრის მიზნით.

ქვეკონტრაქტორის გამოყენების ნაკლოვანებები

ქვეკონტრაქტორების შესახებ ეფექტიანი რეგულაციების არარსებობის პირობებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ არ არის შემუშავებული ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კვალიფიციური ქვეკონტრაქტორის სამუშაოს გამოყენებას. რიგ შემთხვევებში, ტენდერებში მონაწილე ორი ან მეტი კომპანია სამუშაოების გამოცდილებად ითვლის ერთსა და იმავე სამუშაოებს, რის გამოც გაურკვეველია, რეალურად, რომელი კომპანიის მიერ იქნა შესრულებული სამუშაოები. აღნიშნული კომპანიებს უქმნის გამოცდილების დადასტურების საშუალებას და, შესაბამისად, ტენდერებში არაკონკურენტულ უპირატესობას.

საავანსო ანგარიშსწორების ნაკლოვანებები

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ცხრა ხელშეკრულების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოყენებული წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმი დაუსაბუთებელია, შესაძლოა მიმართული იყოს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნების ასათვისებლად და არ უზრუნველყოფდეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას.
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს

რეკომენდაცია N1: 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრისა და საჯარო სახსრების არარაციონალური ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ და დანერგონ ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის ეტაპზე ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის სათანადო შესწავლას, ანალიზსა და დოკუმენტირებას, ყველა რელევანტური პირობის (მოცულობა, წარმოშობის ქვეყანა, ანგარიშსწორება, მიწოდების ვადა, საგარანტიო ვადა და ა.შ.) გათვალისწინებით.

რეკომენდაცია N2: 

შესყიდვებში მონაწილე პირთა მიმართ გამჭვირვალე, ერთგვაროვანი მიდგომისა და ფინანსური სახსრების ეკონომიური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ და დანერგონ ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სატენდერო/საკონკურსო კომისიების მიერ ყველა შესაფერისი დოკუმენტის სრულყოფილად შესწავლას და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას.

რეკომენდაცია N3: 

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვის საგამონაკლისო საშუალებებით განხორციელებისას ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს რისკების შეფასებისა და მონიტორინგის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არაეკონომიური ხარჯის გაწევის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ყველა რელევანტური ღონისძიების დროულად გატარება შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული შესყიდვის საგამონაკლისო საშულებებით განხორციელების თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდაცია N4: 

შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებებზე განაცხადების სრულყოფილად შესწავლასა და მიზანშეწონილობის შეფასებას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

რეკომენდაცია N5: 

შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ და დანერგონ ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების რეგულარული მონიტორინგით უზრუნველყოფს ხარვეზების დროულად გამოვლენას და საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას. ამასთანავე, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ სრულყოფილად გამოიკვლიოს მათი გამომწვევი მიზეზები და სუბიექტური ფაქტორების გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია N6: 

ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების მართვის მიზნით, შეიქმნას შიდა კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე კვალიფიციური ქვეკონტრაქტორის შერჩევას და ეფექტიან მონიტორინგს.

რეკომენდაცია N7: 

წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შემუშავდეს სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ანალიზის განხორციელებას, რამდენად საჭიროებს შესყიდვა წინასწარ დაფინანსებას და რამდენად აუცილებელია აღნიშნული მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისათვის. ამ პროცესში გასათვალისწინებელია, რომ წინასწარი ანგარიშსწორება წლის ბოლოს საბიუჯეტო ასიგნების ასათვისებლად არ იყოს მიმართული.