სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 16 აპრილი, 2021
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის 2018-2019 წლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

პროგრამების დაგეგმვა

რესპუბლიკურ ბიუჯეტში პროგრამების მიმართულებების არასათანადო ასახვა - სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით დადგენილი წესების გვერდის ავლით, პროგრამების მიმართულებებისათვის კომპონენტების დარქმევით, არ განახორციელა პროგრამების ქვეპროგრამებად დაყოფა და მათი 2018-2019 წლების აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასახვა. შესაბამისად, რესპუბლიკური ბიუჯეტით ვერ ხერხდება სამინისტროს ოთხი პროგრამის 20-ზე მეტ კონკრეტულ მიმართულებაზე, ანუ ქვეპროგრამაზე თითოეული წლისათვის დაგეგმილი დაფინანსების მოცულობის, ასევე მისი ცვლილებების ან/და შესრულების მდგომარეობის იდენტიფიცირება. აღნიშნული მიუთითებს სამინისტროს მხრიდან პროგრამების კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით არაეფექტურ დაგეგმვაზე.

დაგეგმვის საფუძვლების ნაკლოვანებები - აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმის შესახებ, რომ სამინისტროს პროგრამების დაგეგმვა ხორციელდებოდა დევნილთა საჭიროებების შესაბამისად, ხოლო პროგრამების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2019 წელს დამტკიცებულ პროგრამებში განსაზღვრული რვა კომპონენტი, ანუ ქვეპროგრამა არ შესრულდა. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან დაგეგმვის ეტაპზე არასაკმარისი კვლევისა და ანალიზის შედეგად, პროგრამების/ქვეპროგრამების არაეფექტურმა დაგეგმვამ შექმნა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკები.

დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების შინაარსის ხარვეზები - სამინისტროს მიერ 2018-2019 წლებში დამტკიცებული პროგრამებითა და ქვეპროგრამებით ვერ ხერხდება იმ დეტალური ღონისძიებებისა და მათი განხორციელების დროის იდენტიფიცირება, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ქვეპროგრამების შუალედური და პროგრამების საბოლოო შედეგების მიღწევა. ასევე კომპონენტებში განსაზღვრული პროგრამის მოსარგებლეების შესახებ ინფორმაცია ძირითადად ატარებს ზოგად ხასიათს და არ შეიცავს დეტალურ მონაცემებს მიზნობრივი ჯგუფების შესახებ; ხოლო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული კომპონენტებისათვის არ არის განსაზღვრული დაფინანსების აპლიკანტების დაკმაყოფილების კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფდა დასაფინანსებელი პირების შერჩევის მეტ გამჭვირვალობასა და სამართლიანობას.

პროგრამების შესრულება

პროგრამების შესრულების შეფასების ინდიკატორების განუსაზღვრელობა - სამინისტროს 2018-2019 წლებში პროგრამებისა და კომპონენტებისათვის (ქვეპროგრამებისათვის) არ განუსაზღვრავს შეფასების ინდიკატორები, რომლებიც წარმოადგენს მიღწეული შედეგების შეფასების საშუალებას. შესაბამისად, ფაქტობრივად შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად აღწევს პროგრამა/ქვეპროგრამა დასახულ მიზნებს, ხოლო მთავრობისათვის წარდგენილ ანგარიშებში ფიქსირდება მხოლოდ განხორციელებულ კომპონენტებში დაფინანსებული განცხადებების რაოდენობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია და არ ხდება ინფორმაციის მიწოდება დაუკმაყოფილებელ განცხადებებზე, განუხორციელებელ კომპონენტებზე (ქვეპროგრამებზე) ან/და განსხვავებული მომსახურების მოთხოვნის მიზნით შემოსულ მოქალაქეთა მოთხოვნებზე.

ბენეფიციართა შერჩევა და დაფინანსება

პროგრამის/ქვეპროგრამის კოორდინატორთა საქმიანობის ხარვეზები - 2018 წელს არ იყო დადგენილი კოორდინატორთა საქმიანობის წესი, ხოლო 2019 წელს აღნიშნული წესი მხოლოდ სამი კომპონენტისათვის იყო მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული. შესაბამისად, ვერ დგინდება, როგორ რეგულირდებოდა და რას ითვალისწინებდა მათი საქმიანობა. ასევე კოორდინატორების მიერ არ ხორციელდებოდა სათანადო კონტროლი, რომლითაც მოხდებოდა კოორდინატორის მიერ მოქალაქეების განცხადებების შესწავლისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისი პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის იდენტიფიცირება. ვერ ხერხდება კოორდინატორთა მიერ კომპონენტების ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარებისთვის გაწეული მომსახურების გადამოწმების იდენტიფიცირება, რაც მიუთითებს კოორდინატორთა მიერ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე და წარმოქმნის ბენეფიციარებისთვის არასათანადო მომსახურებისა და არათანაბარ პირობებში აღმოჩენის რისკებს.

პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსების კომისიის საქმიანობის ნაკლოვანებები - სამინისტროში დაფინანსების კომისიებისათვის არ იყო განსაზღვრული სხდომების ჩატარების პერიოდულობა, ხოლო აუდიტორული პროცედურებით გამოვლინდა კომისიების სხდომების არასისტემური და არარეგულარული ჩატარების ფაქტები, რაც იწვევდა ბენეფიციართა განცხადებების არადროულ განხილვებს და დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს.

ჰოსპიტალური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობის კომისიის საქმიანობაში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც: კომისიამ დაარღვია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადები და განცხადებების განხილვის არადროულობამ გამოიწვია ბენეფიციართა მიმართ უსამართლო და სხვა ბენეფიციარებთან შედარებით არათანაბარი მიდგომა; ვერ ხერხდება ბენეფიციარების საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება და ხშირ შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოკლებულია შესაბამის დასაბუთებას.

ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების კომისიის საქმიანობაში დაფიქსირდა: საჭიროების დაუსაბუთებლობის მიზეზით მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილებები, ექიმის დანიშნულებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, არაერთგვაროვანი და არასამართლიანი მიდგომების ფაქტები.

პროგრამული შესყიდვები

შესყიდვების დაგეგმვის ხარვეზები - სამინისტრომ 2018-2019 წლებში, ჯამში, შვიდი CPV კოდით სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა გეგმაში ცვლილებების გარეშე. ასევე დაფიქსირდა არაეფექტიანი დაგეგმვის ფაქტები. შესაბამისად, სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებდა კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, შესყიდვების გეგმის შეუსაბამოდ, რაც მიუთითებს შესყიდვების სამსახურის მიერ საქმისადმი არაჯეროვან დამოკიდებულებაზე და წარმოქმნის სახელმწიფო სახსრების არაეფექტიანი მართვის რისკებს.

სამკურნალო რეაბილიტაციის შესყიდვის ხარვეზები - 2018 წელს სამინისტროს მიერ 05 03 − აფხაზეთიდან იგპ-თა ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში ორჯერ გამოცხადებული ტენდერების შესწავლით გამოვლინდა, რომ მიმწოდებლმა, მაღალი ფასით შემდგომი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, უარი განაცხადა თავდაპირველ ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო დაბალი ფასით ხელშეკრულების დადებაზე, ხოლო სამინისტროს სატენდერო კომისიამ ნაცვლად იმისა, რომ განეხილა აღნიშნული ქმედების არაკეთლსინდისიერება და მიმწოდებლისათვის მიეცა დისკვალიფიკაცია ან/და დაერეგისტრირებინა შავ სიაში, სამინისტრომ მასთან გააფორმა ხელშეკრულება გაზრდილი ფასით. აღნიშნული მიუთითებს სამინისტროს სატენდერო კომისიის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე და წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად, არაეფექტიანად განკარგვის რისკებს.

სტომატოლოგიური პროთეზირების შესყიდვის ხარვეზები - 2018-2019 წლებში სამინისტროს 05 03 − აფხაზეთიდან იგპ-თა ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებული ოთხი ტენდერიდან, სამში გაიმარჯვა პრეტენდენტმა, რომელიც ამავე კომპანიაში დასაქმებულ პირს ჰქონდა ნაქირავები მფლობელისაგან. აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამქირავებელი ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებამდე, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ სრულად აუნაზღაურა ხელშეკრულების ღირებულება, გადავიდა აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ვალდებულებები შესასრულებლად დაუტოვა კომპანიის რეალურ მფლობელს. ბენეფიციართა გადამოწმებით გამოვლინდა, რომ არსებობენ ბენეფიციარები, რომლებზეც დოკუმენტურად ფიქსირდება მომსახურების გაწევა და გადახდილია საბიუჯეტო თანხები, ხოლო მათ არ ჰქონდათ მიღებული დაფინანსებული პროთეზები. შესაბამისად, სამინისტროს არასათანადო კონტროლისა და საქმისადმი არაჯეროვანი მიდგომის პირობებში, დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად, არაეფექტიანად ხარჯვისა და ბენეფიციარებისათვის არასათანადო მომსახურების ფაქტები.

მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის მომსახურების შესყიდვის ხარვეზები - 2018-2019 წლებში სამინისტროს 05 03 − აფხაზეთიდან იგპ-თა ამბულატორიული დახმარების პროგრამის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიური გამოკვლევების კომპონენტის ფარგლებში, სატენდერო კომისიამ ხუთივე ტენდერი გამოაცხადა ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, რომლის მაგნიტური ველის ინდუქტივობა იქნებოდა არანაკლებ 3.0 ტესლა, მაშინ როდესაც, ბაზარზე ასევე არსებობდა 1.5 ტესლა მაგნიტური ველის ინდუქტივობის აპარატი და მათი ერთი ეპიზოდი ტომოგრაფიების საბაზრო ფასებს შორის იყო თითქმის 100-ლარიანი სხვაობა.

2018-2019 წლებში ამ კომპონენტით დაფინანსებული განცხადებების თანდართული დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ ბენეფიციართა 3%-ს ესაჭიროებოდა 3 ტესლა მაგნიტური ველის ინდუქტივობის ტომოგრაფია, ხოლო ბენეფიციართა უმრავლესობისათვის (97%) დიაგნოზიდან და ექიმის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა საკმარისი ყოფილიყო 1.5 ტესლა ინდუქტივობის აპარატით გამოკვლევა. შესაბამისად, სატენდერო კომისიის მიერ მომსახურების ბაზრის პირობებისა და იგპ-თა მოთხოვნების სათანადო შესწავლა/ანალიზის განხორციელების შემთხვევაში, სამინისტროს შეეძლო დაეზოგა საბიუჯეტო სახსრები, რაც საშუალებას მისცემდა მეტ იგპ-ს ესარგებლა უფასო გამოკვლევებით.

ადმინისტრაციული ხარჯების შესყიდვის ხარვეზები - 2018-2019 წლებში სამინისტროს 05 05 − აფხაზეთიდან იგპ-თა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგპ-თა ადგილზე სამედიცინო გასინჯვებისა და მედიკამენტების გადაცემის, აგრეთვე სამინისტროს წარმომადგენლებისა და სამედიცინო პერსონალის გამგზავრების მიზნით 16 გასვლით ღონისძიებაში ვერ ხერხდება მონაწილე ექიმებისა და მედპერსონალის იდენტიფიცირება და ვერ დასტურდება მათი ღონისძიებაზე გამგზავრება და მონაწილეობა, რაც წარმოქმნის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს.

კონტროლის სისტემა

შიდა კონტროლის სისტემის ნაკლოვანებები - სამინისტროში იდენტიფიცირებული კონტროლის მექანიზმები გამოირჩევა ნაკლოვანებებით და ვერ დასტურდება მათი ფუნქციონირების ეფექტიანობა. კერძოდ, კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილებას/პრევენციას ან გამოვლენას/გასწორებას, ხოლო რიგ პროცესებზე საერთოდ ვერ დასტურდება კონტროლის მექანიზმების არსებობა. შესაბამისად, სამინისტროში არსებული კონტროლის გარემო არადამაკმაყოფილებელია, რის გამოც იქმნება სამინისტროს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ საქმიანობისა და საჯარო რესურსების არაეფექტიანად მართვის რისკები.

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია N1:

სამინისტროს მიერ განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის მოთხოვნების დაცვით დაგეგმვა და ქვეპროგრამები აისახოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში. ასევე პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვა განხორციელდეს მხოლოდ წინასწარი დასაბუთებული იგპ-თა საჭიროებების დოკუმენტურად დასაბუთებული კვლევით/ანალიზით და მათი შინაარსი (მათ შორის, კრიტერიუმები) დამტკიცდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბენეფიციართათვის გამჭვირვალე და სამართლიანი გარემო.

რეკომენდაცია N2:

სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის განისაზღვროს სასარგებლო, შედეგზე ორიენტირებული, ნათელი, გაზომვადი, მიღწევადი და შედარებითი შეფასების ინდიკატორები. ასევე დაგეგმილი შედეგის მიღწევის კონტროლის მიზნით, ქვეპროგრამებს მიენიჭოს სახაზინო კოდები, ხოლო ზემდგომ ორგანოებს წარედგინოს სრული ინფორმაცია სამინისტროს პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების ან/და შეუსრულებლობის შესახებ.

რეკომენდაცია N3:

სამინისტროში შექმნილი ბენეფიციართა დაფინანსების კომისიებისათვის განისაზღვროს წინასწარი კვლევით დასაბუთებული გონივრული სხდომის ჩატარების ვადები, რომელიც აღმოფხვრის განცხადებების დაგვიანებით განხილვის ფაქტებს. ასევე დებულებით დადგინდეს კონკრეტული კრიტერიუმები ან/და მიდგომები, რომელთა საფუძველზე უნდა მიიღოს კომისიამ ბენეფიციართა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევებში მოთხოვნილ იქნეს გადაწყვეტილების დეტალური დასაბუთება. დადგენილი მექანიზმების ეფექტიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ფორმალურად (შესაბამისი ბრძანებით) დაინერგოს სათანადო კონტროლი.

რეკომენდაცია N4:

სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს მხოლოდ საბაზრო კვლევისა და იგპ-თა საჭიროებების სათანადოდ/დოკუმენტურად დასაბუთებული კვლევის/ანალიზის საფუძველზე, საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურად ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. სახელმწიფო შესყიდვების მართვაში დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური, არამიზნობრივი და არაეფექტიანი ხარჯვის ფაქტების პრევენციას.

რეკომენდაცია N5:

მიმდინარე პროცესებში არსებული რისკების შემცირების მიზნით, შემუშავდეს ისეთი კონტროლის პოლიტიკა, პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც სამეურნეო ოპერაციების განხორციელების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს ეფექტიან კონტროლს და საჯარო რესურსების კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ, არამიზანშეწონილად ხარჯვისა და არაეფექტიანად მართვის შემთხვევების დროულ გამოვლენასა და აღკვეთას.