სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა 18 ოქტომბერი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტმა აჭარის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები დაიწყო, რომლის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესება და შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ კირტავამ  მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის შედეგებზე, აუდიტორულ მიგნებებსა და გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.   

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს აუდიტების შედეგად იდენტიფიცირებული ძირითადი ნაკლოვანებების, შემდგომში მათი პრევენციისა და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა გამოთქვეს მზადყოფნა,  მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზების შესახებ, მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მომავალ კვირას შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტებში გამართავს.