Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი

გამოქვეყნების თარიღი: 24:08:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ 2016 წელს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შესაბამისობის აუდიტი.

ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა რიგი ნაკლოვანებები,  კერძოდ:

  • 2016 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში დასაქმებული იყო შტატგარეშე 16  მომუშავე  და მათზე ანაზღაურდა - 85,085.69 ლარი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მოპოვებული მტკიცებულებებით, შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება ხდებოდა არა დროებით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივად უმეტეს შემთხვევაში შტატგარეშე მომუშავეთა დასაქირავებლად გახარჯული სახსრების ვერ იქნება მიჩნეული ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის მაგალითად;
  • 2016 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასაქმებული იყო შტატგარეშე 12  მომუშავე  და მათზე ანაზღაურდა - 51,218.47 ლარი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მოპოვებული მტკიცებულებებით, შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება ხდებოდა არა დროებით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივად უმეტეს შემთხვევაში შტატგარეშე მომუშავეთა დასაქირავებლად გახარჯული სახსრების ვერ იქნება მიჩნეული ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის მაგალითად;
  • საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების ძირითადი პრინციპების შესაბამისად „შრომის ანაზღაურების“ მუხლით 2016 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის არ უნდა ყოფილიყო 2015 წლის საკასო ხარჯზე მეტი. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ადგილი არ ჰქონია ორგანიზაციის ფუნქციებისა და კომპეტენციის არსებით ზრდას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ 2016 წელს შტატით მომუშავეთა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 4%-ით. აღნიშნული კი მიუთითებს საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების ძირითადი პრინციპების უზრუნველსაყოფად, გატარებული ღონისძიებების არაეფექტურობაზე;
  • ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აუდიტის პერიოდში  საერთო ჯამში გამარტივებული შესყიდვით შეძენილი იყო 10,731.41 ლარის ღირებულების სარემონტო მასალები და 6,433.75 ლარის ღირებულების მომსახურება. დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, ვინაიდან თითოეული CPV კოდით შესყიდული ობიექტების ჯამური თანხა არ ცდებოდა დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და დეპარტამენტის საქმიანობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე ოფისის რემონტის  პრიორიტეტის საკითხი  განიცდიდა მუდმივ ცვლილებას,  ტენდერი არ გამოცხადებულა და ჩატარდა გამარტივებული შესყიდვები. ამასთან,  სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა ძირითადად ხდებოდა უშუალო დათვალიერების და ზეპირი გამოკითხვის გზით, რაც  ოფიციალურად (დოკუმენტურად) ვერ დასტურდება. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ვერ ასახავს სათანადო და საკმარისი ღონისძიებების განხორციელებას, რაც გულისხმობს:  შესყიდვების წლიური გეგმის და შესყიდვის ობიექტების სპეციფიკაციების პროექტის პირველადი საჭიროებების მკაფიოდ განსაზღვრას, ანუ საჭიროებების დაკმაყოფილების ალტერნატივების განხილვას და ყველაზე მისაღების შერჩევას; ბაზრის სრულყოფილი კვლევის მიზნით, შესყიდვის ობიექტების მიმართ წაყენებული მოთხოვნების მოკლე აღწერას და სავარაუდო პრეტენდენტებისათვის შესაბამისი წერილების გაგზავნას (ოფიციალური კორესპოდენცია).  ყოველივე აღნიშნული კი მოქმედი კანონმდებლობის და მეთოდოლოგიის შესაბამისად გათვალისწინებული უნდა იყოს დაგეგმვის ეტაპზე. ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში არსებულ პრობლემებზე, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სისუსტეზე,  რაც ფაქტობრივად არ იძლევა გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დადგენილი წესების დაცვით  შესყიდვების უფრო გამჭვირვალედ და რაციონალურად განხორციელების შესაძლებლობას;

მიმაგრებული ფაილები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

გამოქვეყნების თარიღი: 14:08:2017

დეპარტამენტი: სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: ფინანსური აუდიტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტით გამოთქმული პირობითი   მოსაზრების ძირითადი საფუძვლები:

  • საბალანსე ანგარიშის  N2111 („საცხოვრებელი შენობები)“  საბოლოო ნაშთში ასახულია 46 229. 6 ათასი ლარის ღირებულების   არაფინანსური აქტივი საცხოვრებელი სახლების სახით, რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემულია და საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში  რეგისტრირებულია დევნილ და ეკომიგრანტ ბენეფიციარებზე; 
  • საბალანსე ანგარიშზე N2122 (,,სხვა მანქანა დანადგარები და ინვენტარი“) ძირითად აქტივებად  აღიარებულია 4808 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების მქონე ისეთი აქტივები, რომლებიც შეძენილია 2008 წლის შემდგომ პერიოდში და ერთეულის  ისტორიული ღირებულება 500 ლარზე ნაკლებია;

ამავე საბალანსე ანგარიშზე ასახულია 4 341 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე სრულად ამორტიზირებული აქტივები; 

ასევე საწყის და საბოლოო ნაშთებში ასახულია  641 ლარის ღირებულების  13 დასახელების აქტივი, რომელიც შეძენილია 2007 წლის 31 დეკემბრამდე და ერთეული ღირებულება  150 ლარზე ნაკლებია;

  • საბალანსე ანგარიშზე N2200 (,,გრძელვადიან მცირეფასიანი აქტივები“) ასახულია 4 ერთეული 3609 ლარის თავდაპირველი ღირებულების მქონე ფასეულობები (ტუმბოები, პრინტერი და აბრა), რომელთა ერთეულის ღირებულება 500 ლარზე მეტია;
  • ძირითადი აქტივების  და ვალდებულებების საბალანსე ანგარიშის (N2111) საწყის ნაშთში არ არის ასახული 2015 წლის განმავლობაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირებისაგან  187437 ლარის საცხოვრებელი სახლების შეძენის ოპერაცია. ანგარიშწორება და აღრიცხვაში ასახვა განხორციელებულია 2016 წლის დაწყისში საბიუჯეტო კლასიფიკაციის  „არაფინანსური აქტივების ზრდის“ (31.1.1.1) კოდიდან. მოცემული საბალანსე ანგარიშის საბოლოო ნაშთში არ არის ასახული 2016 წლის განმავლობაში იურიდიული პირებისაგან 3632311 ღირებულების  საცხოვრებელი ბინების შეძენის ოპარაცია. ანგარიშსწორება და აღრიცხვაში ასახვა განხორციელებულია 2017 წლის დასაწყისში საბიუჯეტო კლასიფიკაციის  „არაფინანსური აქტივების ზრდის“ (31.1.1.1) კოდიდან. 

გავლენა:   ფინანსური ანგარიშგების არაფინანსური აქტივების მუხლის  საწყისი ნაშთი შემცირებულია 185.6 ათასი, ხოლო საბოლოო ნაშთი გაზრდილია ჯამში 42 636.2 ათასი ლარით (ფორმა 1. დანართი 1 და  5), ხოლო მათზე დარიცხული/დაურიცხავი ძირითადი კაპიტალის მოხმარების (ცვეთა) ხარჯი გაზრდილია ჯამში 387.2 ათასი ლარით, შესაბამისად შემცირებულია წმინდა ღირებულების საბოლოო ნაშთი (ფორმა1 და 2. დანართი1, 2 და 5).

  • საბალანსე ანგარიშზეN1354,,მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“, ასახულია მოთხოვნა ,,სს საქართველოს საფოსტო ბანკის“ მიმართ 472961 ლარის ოდენობით, რომლის აღიარების საფუძველს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3ბ/52-06). მოცემული მოთხოვნის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება დაწყებულია 2012 წლის 7  დეკემბერს გაცემული #3ბ52-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 24 დეკემბრის  N29744/01 წერილით მოცემული სააღსრულებო წარმოება შეწყვეტილია,  რის საფუძვლადაც მითითებულია ეროვნული ბანკის 2011 წლის 31 მაისის N494 განკარგულება, რომლის თანახმადაც სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და დასრულდა მისი ლიკვიდაციის პროცესი. სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკ“-ს სამართალმემკვიდრე არ ჰყავს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,აღსრულება წყდება: თუ განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობებით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე“.

გავლენა:მოკლევადიანი აქტივების (ფორმა 1) ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების მუხლი N1354 ანგარიშის (დანართი 1) საწყისი და საბოლოო ნაშთები გაზრდილია 473.0 ათასი ლარით, შესაბამისად გაზრდილია დებიტორული დავალიანება (დანართი 9, 11). აღნიშნული თანხით გაზრდილია წმინდა ღირებულება (ფორმა 1 და 4. დანართი 1 და 6).

  • 2015-2016 წლების განმავლობაში ბენეფიციართათვის, მათ მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე, ფორმდება უძრავი ქონების ნასყიდობის სამმხრივი ხელშეკრულება (სამინისტრო, ქონების გამყიდველი და  მყიდველი (ბენეფიციარი)). მოცემული ხელშეკრულებების საფუძველზე, ამავე პერიოდებში, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის მონაცემებით დარეგისტრირებულია დევნილ ან ეკომიგრანტ ბენეფიციარზე. აღნიშნული ხარჯები გაწეულია  ,,სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში  საბიუჯეტო კლასიფიკაციის  “სხვა კაპიტალური ხარჯების“ კოდიდან. 2015 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ხარჯვითი ოპერაციის მოცულობამ შეადგინა 204 500 ლარი, რომელიც არ არის ასახული წმინდა ღირებულების საწყის ნაშთში და მიკუთვნებულია 2016 წლის საანგარიშგებო პერიოდს. 2016 წლის განმავლობაში ამ სახის ხარჯვითი ოპარაციების მოცულობამ შეადგინა 296 929 ლარი, რომელიც არ არის ასახული წმინდა ღირებულების საბალანსე ანგარიშის საბოლოო ნაშთში და მიკუთვნებულია 2017 წლის საანგარიშგებო პერიოდს.

გავლენა: საანგარიშო წლის წმინდა ღირებულების საწყისი ნაშთი გაზრდილია 204 500 ლარით. ფაქტობრივი ხარჯები შემცირებულია 93078 ლარით, შესაბამისად გაზრდილია წმინდა ღირებულების საბოლოო ნაშთი (ფორმა 1  და 2. დანართი 1 და 2). ვალდებულების საწყისი და საბოლოო ნაშთები შემცირებულია შესაბამისად 204 500 და 296 929 ლარით. შემცირებულია კრედიტორული დავალიანება (ფორმა1. დანართი1,10 და 12).

მიმაგრებული ფაილები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატი

გამოქვეყნების თარიღი: 31:07:2017

დეპარტამენტი: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: ფინანსური აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატის 2016 წლის ფინანსური აუდიტი.

ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

  • 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აპარატის ბალანსზე რიცხულმა დებიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 20 192 ლარი. აქედან 2 666 ლარი წარმოადგენს წინა წლებში წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებს. მათ შორის: 1 614 ლარი - მოთხოვნები მივლინებით ქვეყნის გარეთ (2004 წ.), 1 039 ლარი - მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით (2004 წ.) და 13 ლარი -სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები (2006 წ.).

აპარატის მიერ არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები (გარდა დებიტორების მისამართზე თანხის დაფარვის შესახებ წერილების გაგზავნისა) მივლინებასთან დაკავშირებულ დებიტორული დავალიანებების ამოსაღებად. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 26-ე მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, დებიტორული დავალიანებების თანხები, რომელთა ამოღების ალბათობა ნულის ტოლია, ექვემდებარება ჩამოწერას არასაოპერაციო ხარჯების ანგარიშზე (8200) ასახვით.

რაც შეეხება არაფინანსური აქტივების დანაკლისებით მოთხოვნას, აპარატის მიერ დავალიანების ხარჯებში ჩამოსაწერად ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა.

  • აპარატში არასრულყოფილად ხორციელდება არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი. კერძოდ, თანამშრომლებზე აქტივების დროებით სარგებლობაში გადაცემისას, მათთან არ ფორმდება ხელშეკრულებები სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, რაც გათვალისწინებულია ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტით.

მიმაგრებული ფაილები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: 21:07:2017

დეპარტამენტი: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: ფინანსური აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა:

  • სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში არ იყო ასახული სამინისტროს მიერ კონტროლირებული შპს „სპორტმშენსერვისის“ კრებსითი ფინანსური ინფორმაცია, აქტივების, ვალდებულებების, ნამეტისა და დეფიციტის ჯამური თანხების ჩათვლით. შედეგად, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლები არ იყვნენ უზრუნველყოფილი მნიშვნელოვანი ინფორმაციით;
  • 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სამინისტროს სარგებლობაშია სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, მაგრამ ბუღალტრულად ისინი აღრიცხული იყო ნულოვანი ღირებულებით. აღნიშნული შეუსაბამობების ფინანსურ ანგარიშგებაზე შესაძლო გავლენის ეფექტის დადგენის შესაძლებლობის არქონის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების სისრულესა და შეფასებაზე;
  • ა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდის“ მიერ სახელფასო ფონდის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, რის შედეგადაც ადგილი აქვს საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების უგულებელყოფას, კერძოდ: ფონდის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო აღემატება კანონმდებლობით დადგენილ 1,500 ლარს, ხოლო ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო აღემატება საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს - 2,950 ლარს;
  • სსიპ „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებების ფარგლებში, ოფიციალური მიწვევების თანახმად, ღონისძიების ორგანიზატორი მხარე უზრუნველყოფდა როგორც კვების, ასევე სასტუმროს ხარჯების დაფარვას, თუმცა მივლინებულ თანამშრომელზე თანხები გაცემული იყო სასტუმროს დაქირავების მიზნით, ხოლო სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურდა სრულად, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 30%-ისა. აუდიტის მიმდინარეობისას ანგარიშვალდებული პირის მიერ დაბრუნებული იქნა 2016 წელს ზედმეტად ანაზღაურებული თანხა 4,023 ლარის ოდენობით.

მიმაგრებული ფაილები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გამოქვეყნების თარიღი: 19:07:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: ფინანსური აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

  • ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და სსიპ -ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის 2015 და 2016 წლების საბალანსო ანგარიშების ნაშთები ურთიერთშეუსაბამოა. კერძოდ, 2015 წლის საბალანსო მონაცემებში, საანგარიშო პერიოდის ბოლოს რიცხული ნაშთები არ შეესაბამება 2016 წლის ბალანსში, წლის დასაწყისისათვის დაფიქსირებულ ნაშთებს, რაც თანხობრივად 44,9 ათას ლარს შეადგენს;
  • პროექტის - „მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში“ ფარგლებში, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ მიღებული 122,8 ათასი ლარი, „ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ“ ბალანსის დანართ ფორმა N3-ში ასახვის ნაცვლად, ასახულია „ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ“ ბალანსის დანართ ფორმა N4-ში;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ქვეპროგრამის - „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენება ფერმერულ მეურნეობაში“ ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების არასათანადოდ და არათანმიმდევრულად განხორციელების შედეგად, 2016 წელს ვერ მოხერხდა პროგრამის სრულყოფილად განხორციელება და შესაბამისად ვერ იქნა უზრუნველყოფილი დაგეგმილი შედეგების მიღება;
  • ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, ერთობლივი შემოსავლის სახით ფიქსირდება 94,5 ათასი ლარი, რაც 10,4 ათასი ლარით ნაკლებია საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებზე;
  • სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მიერ, დღგ-ს გარეშე გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას, 9 შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის გამარჯვებული პრეტენდენტების დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
  • ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ბალანსზე რიცხული 4005,2 ლარის ძირითადი აქტივებიდან, ქონების გადასახადით დაბეგრილია 1144,5 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების ძირითადი აქტივები და შესაბამისად 2860,7 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების ძირითადი აქტივები, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, არ არის შეფასებული მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების გათვალისწინებით.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: 17:07:2017

დეპარტამენტი: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: ფინანსური აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი და გამოვლინდა შემდეგი:

  1. 2016 წელს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით, თუმცა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირის შუამდგომლობაში არ იყო მითითებული, თუ რის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად გაცემულიყო პრემია დადგენილი ნორმის ზევით. 19 თანამშრომელზე წლის განმავლობაში გაცემული პრემიების ჯამური სიდიდე გადაჭარბებულია თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობაზე, ხოლო ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს აღემატება 107 შემთხვევაში
  2.  წლის განმავლობაში დანამატების სახით გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 2,306.1 ათასი ლარი, აქედან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე გაიცა მხოლოდ 176.1 ათასი ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ არც ბრძანებით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით, პერსონალზე დაკისრებული საპასუხისმგებლო ფუნქციები არ იყო დაკონკრეტებული. წარმოდგენილი დოკუმენტაციით (სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის აღრიცხვის გაანგარიშების ტაბელები), ასევე, არ დასტურდება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება იმ მოხელეთა მხრიდან, რომლებზედაც გაიცემოდა დანამატები საანგარიშო პერიოდში;
  3. ობიექტის განმარტებით, თანამშრომელთა მივლინებებისათვის ავიაბილეთების შესასყიდად ბაზრის მოკვლევა არ მიმდინარეობს, რადგანაც თითოეული თანამშრომელი, რომელიც უნდა გაემგზავროს მივლინებაში, თავად არჩევს სად შეიძინოს ავიაბილეთი, შესაბამისად აპარატს არ გააჩნდა ინფორმაცია, რამდენად რაციონალურად ხორციელდებოდა ავიაბილეთების შესაძენად საბიუჯეტო სახსრების გახარჯვა, რაც კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.
  4.  წარმომადგენლობითი ხარჯების ფარგლებში, სარესტორნო მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით გამოვლინდა კონტროლის მექანიზმების სისუსტეები, კერძოდ: ბრძანებებში არ იყო მითითებული სტუმრების რაოდენობა, ღონისძიების ჩატარების ადგილი, დრო და სავარაუდო ხარჯები. მოხსენებით ბარათებში არ იყო დაკონკრეტებული ღონისძიებაში მონაწილე პირთა ვინაობა, ხოლო 2 შემთხვევაში საერთოდ არ იყო მითითებული, თუ რამდენ კაცზე უნდა გამართულიყო ღონისძიება (სადილი). სარესტორნო მომსახურების გაწევისას, არ არის წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და ჩეკ-მენიუები, შესაბამისად ვერ დგინდება ღონისძიებაში მონაწილე პირთა რაოდენობა. ზოგიერთ შემთხვევაში, სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად მაღალი ოდენობის ხარჯები.
  5. 2016 წლის 11 აგვისტოს გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით 120 წყვილი ზაფხულის მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვისას ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადასტურებული შპს „კოზტრანსი’-ს მიერ წარმოდგენილი მისაწოდებელი საქონლის ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილთან. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გაფორმებულია ხელშეკრულება.
  6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, სამინისტროს მიერ შპს „არქეფექტი“-სათვის ანაზღაურებულია 7,233 ლარით მეტი თანხა, რომელიც შემდგომ დაკორექტირებულია აუდიტის ჯგუფის მითითების შედეგად.

მიმაგრებული ფაილები

სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: 17:07:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველისსახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • უნივერსიტეტის მიერ არ არის განხორციელებული ბალანსზე რიცხული აქტივებისა და ვალდებულებების, მატერიალური ფასეულობების, საცნობარო მუხლებში აღრიცხული ძირითადი აქტივების, ხარჯებში ჩამოწერილი ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგების და ამორტიზებული ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია;
  • გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესრულებული აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება 13,1 ათასი ლარი, მიმწოდებელზე გადახდილია ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე;
  • უნივერისტეტის მიერ 11,4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა სატენდერო წინადადებაში გაუთვალისწინებლად, პრეტენდენტების ვაჭრობის გარეშე, ხოლო 9,9 ათასი ლარი მიმწოდებელზე გადახდილია ხელშეკრულების პირობების დაუცველად;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობები შეუსაბამობაშია სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ პირობებთან. მიმწოდებლის მიერ ორ შემთხვევაში არ არის შესრულებული 70,7 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო შემსყიდველის მიერ არ არის გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება საბანკო გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული 2016-2017 სასწავლო წლისთვის, აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალისათვის აკადემიური დატვირთვებიდან შეუსრულებელია 3 151 საათი;
  • უნივერსიტეტის პერსონალზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დარღვევით, დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების შეუსაბამოდ,გაწეულია 4,0 ათასი ლარის ხარჯი.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.