Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

ისტორია

განახლების თარიღი: 20:09:2017

2012 წლის 1 ივლისიდან ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახით ჩამოყალიბდა.

უწყების ინსტიტუციური გარდაქმნა დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ახალი კანონმდებლობითა და მეთოდოლოგიით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი განისაზღვრა როგორც საჯარო სექტორის აუდიტი, რომლის განხორციელების შემდეგ გაიცემა რეკომენდაციები და გაუმჯობესდება საჯარო ფინანსების მართვის ხელშეწყობა.
2008-2009 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ჩამოყალიბდა განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები. შესაძლებლობების მრავალმხრივი სრულყოფის მიზნით, აღნიშნულ პერიოდში შემუშავდა გრძელვადიანი კორპორაციული სტრატეგიები და განვითარების გეგმები. 2010 წლიდან დაიწყო დასახული ამოცანების განხორციელება .

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული გარდაქმნის დასაწყისშივე, პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ქვეყანაში ახალგაზრდა და მოტივირებული ინტელექტუალური რესურსის მობილიზება. ამ პერიოდში აუდიტის სამსახურში დასაქმდნენ აუდიტორები, რომელთაც ჰქონდათ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში - PricewaterhouseCoopers, Ernst & Young და Deloitte & Touche, აგრეთვე კერძო და საჯარო სექტორის აუდიტის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ძირეული ინსტიტუციური გარდაქმნის რთულ პროცესში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე საჭიროებდა პარტნიორთა მხარდაჭერას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორმხრივი თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებთან. კერძოდ, 2009 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტნიორები გახდნენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა, GIZ, SIGMA, UNDP, USAID, მსოფლიო ბანკი და ა. შ. ასევე ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა შვედეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებასა და სამსახურის საქმიანობაში საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკის დანერგვას. აღსანიშნავია, რომ 1992 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური - უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI), 1993 წლიდან -უმაღლესი აუდიტორულ ორგანოთა ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI), ხოლო 2004 წლიდან - უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიური ორგანიზაციის (ASOSAI) წევრია.

2011 წლიდან, მიაღწია რა განვითარების შემდგომ ეტაპს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამოქმედდა ხარისხის კონტროლის სისტემა, დაინერგა მართვის თანამედროვე ინსტიტუციური პოლიტიკა და სახელმძღვანელოები, განხორციელდა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სისტემაში და სხვ.
აუდიტორული საქმიანობის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გააუმჯობესა კომუნიკაცია ფართო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან, როგორებიცაა, საქართველოს პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. დღეს, კომუნიკაციის ახალი და ეფექტიანი საშუალებებით საზოგადოება ყოველდღიურ რეჟიმში იღებს დროულ, სანდო და კვალიფიციურ ინფორმაციას უწყების საქმიანობის შესახებ.

ინსტიტუციური განვითარება უწყვეტი პროცესია. განვითარების ყოველი ახალი ეტაპის მიღწევისას, მდგრადი პროგრესის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაზღვრავს ახალ სტრატეგიულ ამოცანებს, რომლებიც აისახება გრძელვადიან სტრატეგიებში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2013-2017 წლების სტრატეგიულ მიზნად ისახავს დემოკრატიული მმართველობისა და სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანად ხარჯვის ხელშეწყობას ხალხის საკეთილდღეოდ.

დაარსებიდანვე საქართველომ აირჩია უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საპარლამენტო მოდელი, რომელიც აკადემიურად ვესტმინსტერულ მოდელად მოიხსენიება. ამ მოდელით, საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს მართავს ერთპიროვნული ხელმძღვანელი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი და რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ისტორია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად დაიწყო.

1918 წელს შეიქმნა სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი. 1918-1921 წლებში პარლამენტმა მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემა. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით საქართველოს აუდიტის სამსახურის სტატუსი განისაზღვრა როგორც ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუცია.,მას მანდატით მინიჭებული ჰქონდა უფლება, შეემოწმებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება, შეესწავლა სახელმწიფოს შემოსავლები და ხარჯები, მთავრობისა და სხვადასხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშები, ასევე შეემოწმებინა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები.

1921 წლიდან 1991 წლამდე, საბჭოთა ოკუპაციის გამო, სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი არ ფუნქციონირებდა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ნაცვლად ჩამოყალიბდა სსრკ სახალხო კონტროლის სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლიდა სახელწოდებასა და ფუნქციას.

1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ეროვნული სისტემა და შეიქმნა საქართველოს კონტროლის პალატა. 1991-2008 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის ფუნქცია, დღეს მოქმედი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან განსხვავებით, იყო: საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობა და დარღვევებზე - ადმინისტრაციულ - ფინანსური სანქციებით რეაგირება.

საბჭოთა ხელისუფლების შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, სხვადასხვა დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდნენ:

ავთანდილ სილაგაძე - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (1992 წლის მარტი - 1992 წლის ნოემბერი).

რევაზ შავიშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (1992 წლის ნოემბერი - 2000 წლის მაისი).

სულხან მოლაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2000 წლის მაისი -2004 წლის იანვარი).

ზურაბ სოსელია - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2004 წლის ივნისი - 2007 წლის მარტი).

ლევან ჭოლაძე - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2007 წლის მაისი - 2008 წლის ივლისი).

ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2008 წლის ივლისი - 2012 წლის ივნისი).
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი (2012 წლის ივლისი).

ლაშა თორდია - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი (2012 წლის ივლისი - 2017 წლის ჩათვლით).

ირაკლი მექვაბიშვილისახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი (2017 წლის სექტემბერი - დღემდე).