სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა: ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირება და სოციალური მუშაკის ჩართულობა, დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ცნობიერების დონესთან დაკავშირებული საკითხები, რომლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:
აუდიტის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის სისტემური შეფასების მექანიზმი არ იყო დანერგილი. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემა და რეაგირების ღონისძიების განსაზღვრა პოლიციის მიერ ხდებოდა ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც რიგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა ძალადობის ფაქტებზე თანაბარზომიერ და თანმიმდევრულ რეაგირებას.
2018 წლის 1 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედდა რისკის შეფასების მექანიზმი და განისაზღვრა ორდერის გაცემის საფუძველი, რითაც შემაკავებელი ორდერის გაცემის პროცესი უფრო თანმიმდევრული გახდა, თუმცა, გამოწვევად რჩება პოლიციის მხრიდან რისკის შეფასების ოქმის სრულყოფილად შევსება.
აუდიტის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორდერის პირობების შესრულების მონიტორინგი სისტემურად არ მიმდინარეობდა. შედეგად, ორდერის პირობების დარღვევის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი თავად აცნობებდა აღნიშნულის შესახებ. რისკის შეფასების ინსტრუმენტის დანერგვასთან ერთად, ამოქმედდა შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის წესი, რითაც პოლიციის როლი ორდერის პირობების მონიტორინგის პროცესში გაიზარდა.
ძალადობის რისკის შეფასების და რეაგირების ღონისძიების განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაციაზე დაშვება პატრულ-ინსპექტორების და უბნის ინსპექტორების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დონეზე განსხვავებულია. საჭირო ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა, ქმნის რისკს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი განიხილება, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ასახულია სასამართლოს მიერ 2017 წელს გამოცემული დამცავი ორდერების მხოლოდ 22%, რაც არ იძლევა დამცავი ორდერების ძალადობის ისტორიაში გათვალისწინების და მათი პირობების შესრულებაზე სათანადო ზედამხედველობის განხორციელების საშუალებას.
მოძალადის სახლიდან გარიდება პრაქტიკაში ხშირად სირთულეებს უკავშირდება (ღამის საათებში, ნასვამობის და სახლის საკუთრების შემთხვევაში). შედეგად, ხშირია მსხვერპლის და მასზე დამოკიდებული რამდენიმე პირის თავშესაფარში გადაყვანა, რაც დისკომფორტს უქმნის მსხვერპლს და არა მოძალადეს. ძალადობის ინციდენტში მონაწილე პირთა საცხოვრებლიდან განცალკევების სამოქმედო ინსტრუქცია სამინისტროში შემუშავებული არ არის, რაც ვერ ქმნის მსხვერპლის ინტერესების სათანადოდ გათვალისწინების საფუძველს.
მოხუცებზე განხორციელებული ეკონომიკური ძალადობის მიმართ რეაგირების მოქმედი მექანიზმი გარკვეულ შემთხვევებში არაქმედითია და ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადოდ დაცვას.
უწყებათაშორისი კომისია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც საჭიროებს ანალიზით გამყარებას. ასევე სუსტია კომისიის მონიტორინგის და კოორდინაციის ფუნქციები. შედეგად, სამოქმედო გეგმა ნაწილობრივ სრულდება და ხშირია მნიშვნელოვანი საქმიანობების შემდგომ სამოქმედო პერიოდში გადატანის შემთხვევები.
დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, მოძალადის ქცევის კორექციის კანონით გათვალისწინებული კურსები პრაქტიკაში დანერგილი არ არის, ასევე განუსაზღვრელია მათ დანერგვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო. შედეგად, მოძალადის მიერ ქცევის კორექციის კურსის გავლა პრაქტიკაში უზრუნველყოფილი არ არის, რაც ამცირებს ძალადობის პრევენციის ღონისძიებების პროდუქტიულობას.
სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა და მათი შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ძალადობის შემთხვევებში − მათ არასათანადო ჩართულობას განაპირობებს. სოციალური მუშაკები არ მუშაობენ დასვენების დღეებში, შაბათ/კვირას და არასამუშაო საათებში, მათი უფლება-მოვალეობები არაპროპორციულია მათ რაოდენობასთან შედარებით. სოციალური მუშაკების სამუშაო დატვირთვა დაახლოებით 6-ჯერ აღემატება თვეში რეკომენდებულ საქმეთა რაოდენობას.