Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

საერთაშორისო ურთიერთობები

„აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტზე აუდიტორული დასკვნა

განახლების თარიღი: 07:12:2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2015 წლის 10 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე მიმდინარეობდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ პროექტი #TF0A1357.

პროექტის დასრულების შემდგომ, შპს ბიდიო-მ განახორციელა აღნიშნული პროექტის აუდიტი, კერძოდ, შეისწავლა პროექტის შესაბამისობა მსოფლიო ბანკთან გაფორმებული #TF0A1357 ხელშეკრულების პირობებთან და შესაბამის რეგულაციებთან. აუდიტის შედეგად შპს ბიდიო-მ გამოსცა უპირობო აუდიტორული დასკვნა. ვრცლად იხილეთ  მიმაგრებული დოკუმენტი.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი -
„საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“

საჯარო სამსახურების დაძმობილება (Twinning) არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და მიმღებ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტი. მიმღებ ქვეყნებს განეკუთვნებიან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოები და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მოქცეული ქვეყნები.

პროექტს ახორციელებს გერმანულ-პოლონური კონსორციუმი – გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს – Bundesrechnungshof (BRH) ხელმძღვანელობითა და პოლონეთის უმაღლესი აუდიტის სამსახურის – Najwyższa Izba Kontroli (NIK) მხარდაჭერით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ცოდნისა და უნარების გაზიარება, რათა სას-მა შეძლოს მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე მართვის სისტემებითა და პროცესებით აღჭურვილი თანამედროვე უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პროფესიონალური და გამჭვირვალე მუშაობის სტრუქტურის გაუმჯობესება.

პროექტი უზრუნველყოფს დახმარებას ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობასა და ეფექტიან მმართველობას. იგი პირდაპირ უკავშირდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 1.2 ქვემუხლს, რომლის მიზანია „დემოკრატიისა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“.

პროექტის საერთო მიზანი
საქართველოს სახელმწიფო მართვის სექტორში საჯარო ფინანსების განკარგვის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება.

პროექტის მიზანი
სას-ის მართვისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება აუდიტის ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.
საჯარო სამსახურების დაძმობილების Twinning-პროექტი, მისსავე კომპონენტების ფარგლებში, ითვალისწინებს სას-ის მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:

კომპონენტი 1:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზაციული და რესურსების მართვის გაძლიერება. 
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნიმუშებია:
ორგანიზაციული სტრუქტურისა და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესება; მეთოდოლოგიური ინსტრუქციების განვითარება და წლიური ანგარიშის გაუმჯობესება; წლიური დაგეგმვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; სასწავლო ტური BRH-ში.

კომპონენტი 2:
ფინანსური და შესაბამისობის აუდიტისა და ანგარიშგების გაძლიერება. 
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნიმუშებია:
რისკზე დამყარებული აუდიტის მიდგომის განვითარება და დანერგვა ფინანსური აუდიტის სტრატეგიული დაგეგმვისას; IT აუდიტის შესაძლებლობების განვითარება და პილოტირება ფინანსურ აუდიტში; სას-ის თანამშრომლებთან ერთად ფინანსური აუდიტების წარმოება ექსპერტების მხარდაჭერით.

კომპონენტი 3:
აუდიტორების პროფესიული განვითარება და მათი შეფასება. 
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნიმუშებია:
პროფესიური განვითარების სტრატეგიის განხილვა და გადასინჯვა; აუდიტორთა ტრენინგი, მაგალითად, ორგანიზაციული, პროექტისა და ხარისხის მართვის მიმართულებით; სასწავლო ვიზიტი BRH-ში.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

20 წელზე მეტია, რაც GIZ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოღვაწეობს. 90-იანი წლებიდან, GIZ -ი მხარს უჭერდა საქართველოს სოციალური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში, კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და დემოკრატიის გაძლიერებაში.  რეგიონში GIZ-ის საქმიანობის მთავარი დამკვეთი  იყო და არის გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ). 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან (2012 წლამდე „კონტროლის პალატა“) თანამშრომლობა, 2003 წელს BMZ-ის დაკვეთით დაიწყო. პირველი ბილატერალური პროექტი - „საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერა“ 9 წელი გაგრძელდა და 2012 წელს დასრულდა. ამ პროექტის მთავარი მიზანი, საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ინსტიტუციონალური განვითარება და  აუდიტის სფეროში მისი შესაძლებლობების გაძლიერება იყო.

წარმატებულ თანამშრომლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, BMZ-ის დაკვეთით GIZ-მა 2012 წელს ახალი რეგიონალური პროგრამის - „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ - განხორციელება დაიწყო. პროგრამის პირველი ფაზა გაგრძელდა ორი წელი 2012 – 2014. პირველი ფაზის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა გაფართოვდა და მოიცვა შემდეგ სფეროები:

  • ეფექტიანობის აუდიტის ფუნქციის დანერგვა და განვითარება, რომელმაც მოიცვა აუდიტის მეთოდოლოგიის დახვეწა, აუდიტორების ტრეინინგები და ეფექტიანობის აუდიტების  განხორციელებაში მხარდაჭერა, მაგ.: საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის ეფეტიანობის აუდიტი, საქართველოს სასწრაფო დახმარების სისტემის ეფექტიანობის აუდიტი, საქართველოს ღვინის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშგების გაუმჯობესება და თანამშრომლობა პარლამენტთან, რომელმაც მოიცვა წლიური ანგარიშების ანალიზი და ხარისხის უზრუნველყოფა, ასევე დიალოგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობის ინსტიტუციონალური ფორმატის შექმნის შესახებ. ამასთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ე.წ.  „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, რომელთა მიზანიც გარე საფინანსო კონტროლის სფეროში ამ უწყებათა პასუხისმგებლობის და როლის განსაზღვრა იყო;  
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის მხარდაჭერა, რომელმაც მოიცვა კანონით გათვალისწინეული, პარლამენტისათვის ყოველ ორ წელიწადში  წარსადგენი ანგარიშის შედგენაში დახმარება.

პროგრამის მეორე ფაზა დაიწყო 2014 წლის ზაფხულში და გაგრძელდება 2016 წლის სექტემბრამდე. თანამშრომლობის სფეროები იქნება ძირითადად იგივე რაც პირველ ფაზაში, რაც გულისხმობს:

  • ეფექტიანობის აუდიტის განხორციელების შემდგომი მხარდაჭერა -  ეფექტიანობის უდიტის თემების შერჩევაში, აუდიტების დაგეგმვასა და  განხორციელებაში დახმარება, მაგ.: საქართველოს საირიგაციო სისტემის ეფექტიანობის აუდიტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა აუდიტის დეპარტამენტებში ეფექტიანობის აუდიტის კუთხით შესაძლებლობის განვითარების ღონისძიებები; ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშების ხარისხის უზრუნველყოფა, მათი წარდგენა პარლამენტისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის; პუბლიკაციების შედგენა და გამოცემა; ეფექტიანობის აუდიტის კუთხით  ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება და სხვა;
  • პარლამენტთან თანამშრომლობის გაძლიერება მანდატისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხების კუთხით, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგლამენტისა და პროცედურების შემუშავებას, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ასევე პარლამენტში;
  • საქართელოს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში აუდიტების განხორციელების მხარდაჭერა.

2014 წლის 25 სექტემბერს, GIZ-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ხელი მოეწერა ურთეირთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც აქტუალურ პროგრამის ფაზას - 2014-2016 წლებს მოიცავს.

ზემოთ ხსენებული სფეროების მხარდასაჭერად, GIZ-ი ინსტრუმენტების და მიდგომების ფართო სპეკტრს იყენებს, ესენია: მოკლე და გრძელვადიანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მეთოდოლოგიებისა და გაიდლაინების შემუშავება, პილოტური და ერთობლივი აუდიტები, ტრეინინგები და სემინარები, კონფერენციები და მრგვალი მაგიდები, ექსპერტული დასკვნები და კონსულტაცია.

GIZ-ი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კუთვნილებაში მყოფი ორგანიზაციაა და მისი ძირითადი საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, გერმანიის მთავრობის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. GIZ-ი წარმოდგენილია მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში და იგი 16.000 ადამიანზე მეტს ასაქმებს.  

შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი (SNAO)

(2010 – 2016)

სახელმწიფო აუდიტის სამსახური (SAO) და შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი (SNAO) 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას. წარმატებული 4 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 25 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაგრძელებას 2014–2016 წლების პერიოდისთვის.

პროექტის „ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობა საქართველოსა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოთა შორის 2014–2016“ გეგმის თანახმად, უმაღლესი აუდიტორული ორგანოები შეთანხმდნენ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომლის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განვითარდეს ეფექტიანობის აუდიტის მდგრადი ფუნქცია ISSAI–ს საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად.

სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული საკითხებია:

  • მხარდაჭერა ეფექტიანობის აუდიტის განხორციელებისას
  • ეფექტიანობის აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • ეფექტიანობის აუდიტის კომუნიკაცია

2010-2013 წლებში მხარეები თანამშრომლობდნენ შემდეგ სფეროებში:

  • ფინანსური აუდიტი
  • ეფექტიანობის აუდიტი
  • შიდა და გარე კომუნიკაცია
  • უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მენეჯმენტი
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგია

ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტი (OECD/SIGMA)

2009 - 2011 წლები

განვითარების გეგმის განხორციელებისთვის წარმოდგენილ იქნა სახელმძღვანელო, რომელშიც შედიოდა პრიორიტეტების განსაზღვრა, რეალური დროის დაგეგმვა და მონიტორინგის საკითხები.

მეორე ეტაპზე წარმოდგენილი იყო უცხოელი კოლეგების კონსულტაციები სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიშის მოსამზადებლად და მომავალში წლიური ანგარიშების მოსამზადებლად საჭირო პროცედურების შესამუშავებლად. ამავე დროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საშუალება მიეცა, რომ გაცნობოდა ტრენინგსისტემის შემუშავებისპროცესი, რომელიც მოიცავს პროფესიული ტრენინგსტრატეგიის შემუშავებას ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ ტრენინგსაჭიროებებზე დაყრდნობით.

მსოფლიო ბანკი და პარტნიორთა გაერთიანებული ჯგუფი (WB)

2006 - 2012 წლები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარება (რეორგანიზაციისა და რესტრუქტურიზაციის დაგეგმვა და განხორციელება);

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საკანონმდებლო ბაზის განახლება;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული შესაძლებლობების განვითარება:

ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება;

თანამშრომელთა მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიის სასწავლო მოდულის შემუშავება და აუდიტორთა გადამზადება;

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციასა ( INTOSAI) და მის რეგიონულ სამუშაო ჯგუფებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის მხარდაჭერა;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარება:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აღჭურვა საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე სამომხმარებლო და ქსელური ინფრასტრუქტურით;

საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ლიცენზირებული საოფისე პროგრამები);

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და პარტნიორობის ფარგლებში დაძმობილების პროექტი ( EU/ENP/ TWINNING)

2012 – 2014 წლები

აღნიშნული ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების პროცესს. პროექტის განხორციელების მიზნით, ევროკავშირის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის ხელშეწყობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ბრიტანელმა ექსპერტმა, პალატის თანამშრომლებთან ერთად მოამზადა დაძმობილების (Twinning) პროექტის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროექტის გეგმას, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შინაარსს, ფარგლებსა და მისაღწევ მიზნებს.

აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონკურენციულ საწყისებზე 2012 წელს შეირჩევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტნიორი ქვეყანა ან ქვეყნები, კონსორციუმის შემთხვევაში).