Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ფინანსური მონიტორინგი

განცხადება

განახლების თარიღი: 23:03:2016

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ 2016 წლის 21 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოზიციას:

2016 წლის 5 თებერვლის გენერალური აუდიტორის ბრძანების საფუძველზე ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე აღიარებულ იქნა განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად და გავრცელდა პოლიტიკური პარტიებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები. მიცემულ იქნა მითითება საქველმოქმედო და პოლიტიკური მიზნების გამიჯვნასთან დაკავშირებით, რომლის შესრულების მიმდინარეობაც კონტროლდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მიერ. ასევე მიმდინარეობს საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობის“ საქმიანობის მონიტორინგიც და საარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმის მონაწილეობიოს დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

კვლევაში დაფიქსირებული მეორე სუბიექტის სამიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წლის 1 მარტს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელზე გაგზავნილ იქნა წერილი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საქმიანობასთან და შესაძლო საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

აღნიშნული წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 14 მარტს „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ გაკეთდა განმარტება, რომ ფონდს არ გააჩნია არანაირი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები და უარყოფილ იქნა გავრცელებული მოსაზრებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ეტაპზე არ გააჩნია ფორმალური საფუძველი „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი“ დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს, რადგანაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71 მუხლის შესაბამისად „განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული  უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.“

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აგრძელებს ყველა მსგავსი სუბიექტის აქტივობის შესწავლას, ხოლო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საკითხებისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს  ფორმირებას.

განცხადება

განახლების თარიღი: 10:02:2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასრულა  ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის - „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ - განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი.

დღეიდან აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები იქნება საჯარო.

აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს ფინანსურ ხარჯს, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

აღნიშნულის მიზანია მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება და იხარჯება თანხები სუბიექტების მიერ.

 

განცხადება

2014-04-24 15:23:00

დღეს, 24 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა დასკვნითი შეხვედრა 2014  წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით - საარჩევნო სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციებისა და ვალდებულებების დაწესების შესახებ, ასევე მოქმედი ფინანსური საკითხების განხილვის მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სუბიექტები, რომლებსაც წარდგენილი აქვთ განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტსა და აპრილში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საარჩევნო თემატიკით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, წინასაარჩევნო პერიოდის უკეთესად წარმართვის მიზნით. არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე, მომზადდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“.

აღნიშნულის საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში:

  • შესაბამისი წესით რეგისტრირებული ყველა საარჩევნო სუბიექტი (პოლიტიკური პარტია, საარჩევნო ბლოკი, საინიციატივო ჯგუფი) ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი წესით წარადგინოს 3-კვირიანი პერიოდის ფინანსური ანგარიში შემდეგი გრაფიკით:
    • ინფორმაცია, მიმდინარე წლის 14 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით  - 7 მაისს;
    • ინფორმაცია,  5 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით  - 28 მაისს;
    • ინფორმაცია, 26 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით  - 18 ივნისს.
  • საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი. დაუშვებელია ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა;
  • საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციიდან არა  უმეტეს 15 დღის ვადაში გახსნას საარჩევნო კამპანიის ფონდი და მხოლოდ ფონდის სახსრებიდან დააფინანსოს საარჩევნო კამპანიის ხარჯები;
  • საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში შესაძლებელია ფონდი დაფუძნდეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფორმითაც, რა დროსაც უკვე რეგისტრირებული ფონდი იქნება ანგარიშვალდებული და ასევე შესაძლებელია საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის გამოყენებულ იქნეს კანდიდატის მიერ გახსნილი ახალი საბანკო ანგარიში.
  • საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებისას დაუშვებელია ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება;
  • საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად სუბიექტის ფონდის ფორმირებამდე გაღებული ხარჯები და მიღებული შემოსავლები უნდა აისახოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს N142/37 ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა №3-სა  და ფორმა №5-ში. საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად, უზრუნველყოფს ფორმა №2-ისა და ფორმა №4-ის კორექტირებას.

გარდა აღნიშნული ბრძანებისა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა გენერალური აუდიტორის 2 მოქმედ ბრძანებაში  ცვლილებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქმედი ნორმების გამარტივებასა და პოლიტიკური სუბიექტებისათვის საარჩევნო პერიოდში დამატებითი ბარიერების მოხსნას, რომლებიც ასევე განხილულ იქნა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა პრეზენტაცია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ინფორმაციის წარმოდგენის ფორმებისა და ვადების შესახებ. ყველა დაინტერესებული პირისათვის მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინასაარჩევნო პერიოდის მაქსიმალურად გამჭვირვალე და თანასწორ პირობებში წარმართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდგომ ყველა საარჩევნო სუბიექტს გადაეცა შესაბამისი წერილი, აგრეთვე  ამ და სხვა ტექნიკური საკითხების მარეგულირებელი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველა მოქმედი ნორმის გათვალისწინება და საარჩევნო პერიოდის ფინანსური ხარვეზების გარეშე წარმართვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგის სამსახური გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელებას და ასევე, აცხადებს მზადყოფნას ცხელი ხაზის თუ თანამშრომლების მხრიდან  სატელეფონო დახმარებით, ნებისმიერი სახის კონსულტაციის გასაწევად და საჭიროების შემთხვევაში, დამატებთი ტრენინგების ჩასატარებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ სამსახური მაქსიმალურად ცდილობს კანონის მოთხოვნების დაცვასთან ერთად გაითვალისწინოს საარჩევნო სუბიექტებისა და შემომწირველი ფიზიკური პირების ინტერესები, რადგანაც ჩვენთვის მთავარია არა  ჯარიმებისა და სანქციების დაწესება, არამედ უპირატესია დარღვევების პრევენცია. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით კანონის უზენაესობასთან ერთად, უზრუნველვყოთ მონიჭებული უფლებამოსილებების მიუკერძოებლად განხორციელება და სანქციების დაწესებამდე გამოყენებულ იქნეს გაფრთხილებისა  და კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოწოდების ფორმები.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის განცხადება

2013-09-24

05:06:27

პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მიერ გუშინ "ტელეიმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა 1 სექტემბრის მდგომარეობით „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია, სადაც მითითებულია მხოლოდ 1 ოფისის იჯარა, მაშინ, როდესაც მათ ვებ-გვერდზე განთავსებული იყო დეტალური ინფორმაცია 9 ოფისის შესახებ, (PDF ვერსია). ჩვენ დამატებით, წერილობითაც მივმართეთ და მოვითხოვეთ ინფორმაცია, მაგრამ დღმდე მათგან ვერ მივიღეთ სრული პასუხი.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ნინო ბურჯანაძის მიერ თითქმის ყველა რაიონში იხსნებოდა და იხსნება ოფისები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციებს ვიღებთ საინფორმაციო საშუალებებით. მაგალითად:

ბათუმის რაიონული ოფისი და საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა ა.წ. 10 ივლისს, გორის ოფისი - 31 ივლისს, გარდაბნის ოფისი - 4 აგვისტოს და ა.შ. ინფორმაცია ამ ოფისების შესახებ აუდიტის სამსახურში არ არის წარმოდგენილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ დაიწყო შემოვლა, რა დროსაც აღმოჩნდა (ეს ფაქტი ფოტომასალითაც დადასტურებულია), რომ ფაქტობრივად გახსნილია 90-მდე ოფისი, ხოლო პარტიის მიერ 13 სექტემბრის მდგომარეობით დეკლარირებული იქნა მხოლოდ 19 ოფისი.

ამის შემდეგ, მონიტორინგის სამსახურის მიერ 13 სექტემბრიდან დაიწყო გამოკითხვების ჩატარება და მხოლოდ სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ პარტიის მიერ დეკლარირებული ოფისების რაოდენობა გაიზარდა 72-მდე, როგორც არაფულადი შემოწირულება და წარმოდგენილ იქნა მათი შესაბამისი ღირებულებები.

ხოლო დამატებით, ჩვენ მიერ აღმოჩენილ ოფისებზე მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს პარტიის მიერ დამალული ოფისების საბაზრო ღირებულება, პარტიის მიერ გაღებული ხარჯის დადგენის მიზნით.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ სახის ინფორმაცია წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, - (იხ. სრულად) მაგალითისთვის წარმოგიდგენთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეკლარაციის ფორმებს. სწორედ აღნიშნულის გამო არ მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის მიერ ნახსენები თეთრიწყაროს შემთხვევაზე რეაგირება, რომლის შესახებ მესაკუთრეს ოფიციალურად ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, ხოლო გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ოფისი ასახულია წარმოდგენილ დეკლარაციაში.

აქვე დავძენთ, რომ არცერთი პიროვნება და კანდიდატი არ დგას და არ უნდა თვლიდეს თავს კანონზე მაღლა!

ასევე მცდარია ინფორმაცია, თითქოს მონიტორინგის სამსახური მხოლოდ ერთი პარტიის წინააღმდეგ ახორციელებს საკითხის შესწავლას. ჩვენ მიერ ხორციელდება ყველა საკითხის შესწავლა და ყველა ფაქტზე მოხდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

ამ ეტაპზე უკვე დაჯარიმებულია 5 პოლიტიკური პარტია.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონიტორინგის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა, რათა არ მოხდეს პოლიტიკურ პროცესებში უკანონო თანხების გამოყენება.

ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები, რათა იძულებული  არ გავხდეთ გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები, რადგანაც ჩვენი მიზანია არა ვინმეს დაჯარიმება, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალე და თანაბარ პირობებში წარმართვა.

შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან

2013-07-22

16:02:38

2013 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ივლისის თვეში პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 22 ივლისს შემაჯამებელი/დასკვნითი შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა კონსულტაცია წინასაარჩევნო პერიოდის უკეთესად წარმართვის მიზნით, რის საფუძველზეც მომზადდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“.

აღნიშნულის საფუძველზე წინასაარჩევნო პერიოდში:

  • ცესკოში რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც გააჩნია პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება ვალდებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან აუდიტის სამსახურს 3 კვირაში ერთხელ წარუდგინოს ფინანსური ანგარიში შემდეგი გრაფიკით:
    • მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით ფინანსური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია - 25 ივლისს;
    • 22 ივლისისდან 11 აგვისტოს ჩათვლით ინფორმაცია - 14 აგვისტოს;
    • 12 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია - 4 სექტემბერს;
    • 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით ინფორმაცია - 25 სექტემბერს;
    • 23 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 16 ოქტომბერს;
    • 14 ოქტომრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ინფორმაცია - 30 ოქტომბერს.
  • საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია გახსნას საარჩევნო კაპმანიის ფონდი. დაუშვებელია ფონდისთვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა;
  • საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსებისას დაუშვებელია ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება;
  • საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გაიხსნას:
    • პარტიის მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;
    • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში.
  • საარჩევნო კამპანიისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების შესაძენად სუბიექტის ფონდის ფორმირებამდე გაღებული ხარჯები და მიღებული შემოსავლები უნდა აისახოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 17 აგვისტოს N142/37 ბრძანებით დამტკიცებულ ფორმა N3-ში და ფორმა N5-ში. საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად, უზრუნველყოფს ფორმა N2-ის და ფორმა N4-ის კორექტირებას.

ასევე განხორციელდა პრეზენტაცია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ინფორმაციის წარმოდგენის ფორმებისა და ვადების შესახებ. ყველა დაინტერესებული პირისათვის განხორციელდა კონსულტაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინასაარჩევნო პერიოდის მაქსიმალურად გამჭვირვალე და თანასწორ პირობებში წარმართვა, მოქმედი კანონდმებლობის შესაბამისად.

დღევანდელი შემაჯამებელი შეხვედრის შემდგომ ყველა კანდიდატს გაეგზავნა შესაბამისი წერილი სხვადასხვა ტექნიკური საკითხების მარეგულირებელი ინფორმაციის შესახებ, რათა შეხვედრების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებთან ერთად, ასევე უზრუნველყოფილი იქნეს სხვა ნორმების გათვალისწინება და საარჩევნო პერიოდის ფინანსური ხარვეზების გარეშე წარმართვა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს მზადყოფნას სამსახურის ცხელი ხაზის თუ თანამშრომლების ტელეფონის ნომრების დახმარებით, ნებისმიერი სახის კონსულტაციის გასაწევად და საჭიროების შემთხვევაში ტრეინინგების ჩასატარებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნას გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან ერთად ავღნიშნავთ, რომ სამსახური მაქსიმალურად ცდილობს კანონის მოთხოვნების დაცვასთან ერთად გაითვალისწინოს საარჩევნო სუბიექტებისა და შემომწირველი ფიზიკური პირების ინტერესები, რადგანაც ჩვენთვის მთავარი არ არის ჯარიმებისა და სანქციების დაწესება, არამედ უპირატესია დარღვევების პრევენცია. შესაბამისად რიგ შემთხვევებში ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით კანონის უზენაესობასთან ერთად, უზრუნველვყოთ მონიჭებული უფლებამოსილებების მიუკერძოებლად განხორციელება და სანქციების დაწესებამდე გამოყენებულ იქნეს გაფრთხილების და კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოწოდების ფორმები.