Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

მოხსენებები/დასკვნები სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

არსებული საბიუჯეტო კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოხსენებების/დასკვნების მომზადებას, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, ისე შესრულების ეტაპებზე. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობა მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი გამოწვევების გათვალისწინებით, გააძლიეროს მისი, როგორც მრჩევლის როლი, აღნიშნულ პროცესში. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები და მოხსენებები, კონკრეტული უწყებების დონეზე საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებასთან ერთად, ორიენტირებულია სისტემური ხასიათის ხარვეზების გამოვლენასა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას მთავრობის მიერ წარმოდგენილი მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებული გადასახდელებისა და შემოსულობების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ეყრდნობა შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უზრუნველყოფენ თუ არა ის მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და სხვა დაშვებები, რომლებსაც ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია ეყრდნობა, აღნიშნული ინფორმაციის სათანადო საფუძველს
  • არის თუ არა ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია სათანადოდ მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე და საფუძვლიანი და კანონიერი მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით
  • არის თუ არა ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილი ინფორმაცია სათანადოდ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების არსებული პრინციპების შესაბამისად, ხოლო ყველა არსებითი დაშვება ადეკვატურად განმარტებული თანდართულ მასალებში.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნა მიმოიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების საფუძვლიანობას წარმოდგენილი საშუალოვადიანი ეკონომიკური და ფისკალური ჩარჩოთი გათვალისწინებული დაშვებების საფუძველზე, ასევე სახელმწიფო ვალის მართვასთან, ფისკალურ ლიმიტებთან შესაბამისობასა და ფისკალურ დისციპლინასთან, ასევე საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის(8 თვის შესრულების) შესახებ მთავრობის ანგარიშზე. აღნიშნული მოხსენება მიზნად ისახავს შეაფასოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის პროცესი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობის ანგარიშში ასახვის სიზუსტე და სისრულე. სახელმწიფო ბიუჯეტის წლიურ შესრულებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს მოხსენებას გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობის ანგარიშში ასახვის სიზუსტე და სისრულე.

საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, უწყებების დონეზე გამოვლენილ მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზემოაღნიშნული მოხსენებები მიმოიხილავს სამსახურის აუდიტორული/ანალიტიკური საქმიანობის შედეგად გამოვლენილ სისტემური ხასიათის ხარვეზებსა და შესაბამის რეკომენდაციებს სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ყველა ძირითად საფეხურზე. კერძოდ, მოხსენებებში მოცემულია მნიშვნელოვანი საკითხები ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვის, ბიუჯეტის მომზადებისა და დამტკიცების, რესურსების მართვის, შიდა ფინანსური კონტროლისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით.