Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

აუდიტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

გამოქვეყნების თარიღი: 16:06:2017

დეპარტამენტი: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის სხვადასხვა დარღვევა-ნაკლოვანება:

  • 2015 წელს თვითმმართველ თემში იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებელმა 76.2 ათასი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტს ბიუჯეტით გათვალისწინებული დასუფთავების მოსაკრებლის მისაღებად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გაუტარებია;
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები. კერძოდ: 2014-2015 წლებში 9649 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას იყენებდნენ კერძო კომპანიები, ხოლო 11614.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (მათ შორის, 11 598 ჰა საძოვარი) - ფიზიკური პირები. მუნიციპალიტეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემის შემთხვევაში, წლიურად მიიღებდა 170 ათას ლარზე მეტ შემოსავალს;
  • 2014 წელს მუნიციპალიტეტმა გააფორმა საგზაო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება მიმწოდებელთან 1118.3 ათას ლარზე. შემსყიდველმა უამინდობის მოტივით გააგრძელა სამუშაოების დასრულების ვადა, მაშინ როდესაც დოკუმენტური მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რაიმე ფორსმაჟორულ სიტუაციას ადგილი ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობა შემსრულებელს სამუშაოების დასრულების ვადას არ გაუგრძელებდა და აამოქმედებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 64.9 ათასი ლარის ოდენობით;
  • 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტმა 2 შემთხვევაში - მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე შეწყვიტა შესყიდვის ხელშეკრულებები მიმწოდებლებთან, რადგან ისინი არ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო, ჯამში 43.3 ათასი ლარი, მიმწოდებლებმა არ გადაიხადა. აღნიშნული თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტს დამატებითი ღონისძიება არ გაუტარებია;
  • სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის გზით მიმწოდებლის შერჩევისას აუცილებელია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ შპს „ბილდინგთან“ გამარტივებული შესყიდვით გაფორმდა 30 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით 447.9 ათასი ლარი. აღნიშნული მეწარმე სუბიექტის დირექტორი და მფლობელი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ახლო ნათესავები არიან;
  • სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვისას, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია მიმწოდებლებისგან ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ დოკუმენტაცია. შესაბამისად, სააუდიტო პერიოდში გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ 3 622.7 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით;
  • 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში; 57.1 ათასი ლარი დახარჯულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებს. კერძოდ: მინისტადიონის ხელოვნური საფარი დასაწყობებულია ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ასევე შესყიდული ექსკავატორები და თვითმცლელი არ მუშაობს;
  • 2015 წელს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტმა სოფელ აკურაში ჭაბურღილის მოწყობაზე დახარჯა 64.2 ათასი ლარი. ჭაბურღილმა იმუშავა ექსპლუატაციაში შესვლიდან მხოლოდ რამდენიმე დღე. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში პრობლემა მოუგვარებელი იყო და მოსახლეობა ვერ სარგებლობდა აღნიშნული ობიექტით;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 18 ერთეულს. 2015 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში თვეების მიხედვით დასაქმებულია სხვადასხვა რაოდენობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა რიცხოვნობა მერყეობს 28-დან 30-მდე;
  • 2014-2015 წლებში თვითმმართველი ერთეულის მიერ 46 შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯზე, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, თუ რა სახის ღონისძიებებთან დაკავშირებით გახდა საჭირო აღნიშნული ხარჯის გაწევა. ასევე, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი დასაბუთების გარეშე ანაზღაურებულია 18.9 ათასი ლარი;
  • 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა როგორც ბალანსზე რიცხული 7 ერთეული ავტომანქანით, ასევე სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებული 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით. მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას.

მიმაგრებული ფაილები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2015-2016 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი

გამოქვეყნების თარიღი: 16:06:2017

დეპარტამენტი: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: შესაბამისობის აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2015-2016 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • 2015-2016 წლებში კეთილმოწყობის ღონისძიებების ქვეპროგრამების ფარგლებში, ისნის რაიონის გამგეობამ რეაბილიტაცია ჩაუტარა და მოაწყო 52 სპორტული მოედანი და სკვერი, ღირებულებით 2183.8 ათასი ლარი. სახელშეკრულებო პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენდა 2 წელს. დათვალიერების შედეგად 2015 წელს ექსპლოატაციაში მიღებულ 7 ობიექტზე გამოვლინდა სხვადასხვა ხარვეზები. დაზიანებულია: მოედნის ხელოვნური საფარი, ატრაქციონები, ღობე, კალათბურთის ფარები, დაკარგულია ინვენტარი, არ მუშაობს წყლის სასმელი ორი ფანტანი. გამოვლენილი გარემოების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს დაბალი ხარისხი ან/და მოსახლეობის მიერ არასწორი ექსპლუატაცია (ვანდალიზმი).

შესწავლილი მონაცემებით ირკვევა, რომ სპორტულ მოედნებსა და სკვერებში გამოვლენილ დაზიანებებზე, მიმწოდებლებისთვის არ არის მოთხოვნილი საგარანტიო ვადაში მომხდარი დაზიანებების გამოსწორება და არც სამართლებრივი ღონისძიებებია გატარებული. ისნის რაიონის გამგეობაში არსებული კონტროლის მექანიზმები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების გამოვლენასა და გამოსწორებას. შედეგად, გამგეობის მიერ 4 სკვერისა და 3 სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებით სრულად ვერ იქნა მიღწეული პროგრამით გათვალისწინებული მიზნები ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;

  • 2015-2016 წლებში ისნის რაიონის გამგეობაში გამგებელზე, მის მოადგილეებზე, განყოფილებების უფროსებსა და აპარატის უფროსზე ყოველთვიურად გაცემულია სახელფასო დანამატი, სულ 278.4 ათასი ლარი. დანამატის გაცემის საფუძველს წარმოადგენსქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - ბრძანებები. აღნიშნული ბრძანებები ადგენს დანამატის გაცემის დროებით და მრავალჯერადი გამოყენების წესს და თავისი შინაარსით წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. კანონმდებლობით დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური აქტის სახით მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემის უფლება არ გააჩნდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ამდენად, სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც 2015-2016 წლებში გაიცა დანამატი, თავისი შინაარსით არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
  • 2015-2016 წლებში ისნის რაიონის გამგეობას სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ემსახურებოდა 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზღვრული ოდენობა კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია სამსახურებრივი მიმოსვლისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური ოდენობა. თვითმმართველობისათვის აღნიშნული წესის დაცვა სავალდებულო არ არის და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. მთავრობის დადგენილებით რეკომენდებული იყო, ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლების სამსახურებრივი მიმოსვლისათვის გამოეყენებინა 3 ერთეული სამორიგეო ავტომობილი.
  • 2015-2016 წლებში სოციალური პროგრამის ღონისძიებების ფარგლებში ისნის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული თანხის 34.5%-ით, 2596.1 ათასი ლარით დაფინანსებულია „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებების“ ქვეპროგრამა. ქვეპროგრამის მიზანი ზოგადი ხასიათისაა. არ არის განსაზღვრული დახმარების გაცემის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ბენეფიციარმა. არ არის დადგენილი ვის უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არსებული პრაქტიკა მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის შეფასებისას, შეიცავს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკებს.

მიმაგრებული ფაილები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: 24:05:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: ფინანსური აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ არაზუსტად არის განხორციელებული 10.6 ათასი ლარის დებიტორული მოთხოვნის აღრიცხვა, ხოლო სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, მოქმედი მარეგულირებელი ნორმების დაუცველად, სრული კალენდარული წლისთვის, რიგ აქტივებზე არ იქნა დარიცხული ცვეთა 21.7 ათასი ლარის ოდენობით.   
  • სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს მიზნობრივ პროგრამას - ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა’’. მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ბენეფიციართა გამოკითხვის შედეგები შეუსაბამოა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციასთან, რითაც შესაძლოა მიმწოდებელმა დაუსაბუთებლად მიიღო  379 ბენეფიციარის  მომსახურების ღირებულება  8.9 ათასი ლარის ოდენობით.
  • Ø სამინისტრო ახორციელებს მიზნობრივ პროგრამას - ,,ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა’’, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს 3 000.0 ათას ლარს.  აუდიტით ირკვევა, რომ შესყიდული ალტერნატიული ქონება, გაცილებით მცირეა იმ პირთა რაოდენობასთან მიმართებით, რომლებიც ფიზიკურად უნდა განთავსდნენ აღნიშნულ საცხოვრისში.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომედაციები. ამასთან, რიგი საკითხების შემდგომი შესწავლის მიზნით, აუდიტის მასალები გადაგზავნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: 23:05:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: ფინანსური აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი.  აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან,  ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით, შპს „ჰიგიენა 2009-ზე“, საწესდებო კაპიტალის შევსების მიზნით ჩარიცხული 4400,0 ათასი ლარი,  სამინისტროს საბალანსო მონაცემებში არ არის აღრიცხული.
  • აუდიტის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არასათანადო არგუმენტაციით, საწარმოთა 2015 წლის წმინდა მოგებიდან 441,4 ათასი ლარი არ იქნა განაწილებული დივიდენდის სახით.
  • საწარმოთა 2015 წლის დივიდენდის განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 2016 წელს არ განხორციელდა 1811,4 ათასი ლარის დივიდენდის სახით ბიუჯეტში მობილიზება.
  • სამინისტროს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს „ჰიგიენა“ 2009-ის“ მიერ, საქართველოს ბანკში გახსნილი ანგარიშიდან, თანხების მოძრაობის შესახებ საბანკო ამონაწერის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს ირაკლი ცეცხლაძეს ნაღდი ანგარიშსწორების გზით გატანილი აქვს 5004,2 ათასი ლარი, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი, რაც საბიუჯეტო სახსრების შესაძლო მითვისებაზე მიუთითებს.
  • აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში, ვერ იქნა წარმოდგენილი სამინისტროს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015-ის“ 2015-2016 წლების ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, რაც საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების რეალობის შესაძლო რისკებზე მიუთითებს. 
  • 2016 წლის 17 მაისს, სამინისტროსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, კვარიათის დასახლებაში მდებარე 223 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებ. ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო აღნიშნული მიწის პირდაპირი  მიყიდვის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 16 მაისის N145 ბრძანება, რომლის შესაბამისადაც ხელშეკრულების ღირებულება 111,5 ათასი ლარით განისაზღვრა და ითვალისწინებდა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობას. აღსანიშნავია, რომ ხათუნა ქორიძე, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესყიდვის ინიციატივის დაყენებისას, აუქციონის გამოცხადებას ითხოვდა.

შესყიდვის საფასურის გადახდის შემდეგ, სამინისტროს თანხმობით, შესყიდული მიწის ნაკვეთი გაერთიანდა ერთ საკადასტრო ერთეულად მყიდველის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან, შეტანილი იქნა შპს „ბრიზის“ საწესდებო კაპიტალში და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პირობით გაყიდული იქნა შპს „დომუს დეველოპმენტზე“. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაყიდული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება კვადრატულ მეტრზე 2,2 ათასი ლარით  განისაზღვრა, რაც პირდაპირი მიყიდვისას დაფიქსირებული ფასზე (0,5 თასი ლარი), 1,7 ათასი ლარით მეტია.

  • სამინისტროსა და შპს „სტატოტელს“ შორის, 2016 წლის 16 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 სექტემბრის N01-3/302 ბრძანების თანახმად, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 15070 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 2255 კვ.მ შენობა - ნაგებობისა და 184760 კვ.მ მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესახებ. ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება 3900,0 ათასი ლარით განისაზღვრა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში, თანაბარწილად, ყოველ 9 თვეში, არაუგვიანეს მეცხრე თვის ბოლო რიცხვისა.

აუდიტის პერიოდისათვის, შპს „სტატოტელს“ ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება არ აქვს გადახდილი. ამასთან, 2016 წლის 4 ოქტომბრისთვის სამინისტროდან ითხოვს ქონების იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისების ნებართვას. სამინისტროს, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, ნებართვა არ გაუცია.     

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები,  ამასთან, აუდიტის მასალები გადაგზავნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი: 10:05:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: ფინანსური აუდიტი

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • სამინისტროს  და მის  სახაზინო კოდში შემავალი იურიდიული პირების მიერ 2016 წლის  ბალანსში შემცირებულად არის  წარმოდგენილი  არაფინანსური აქტივები, არანაკლებ 289,7 ათასი ლარით, ხოლო წმინდა ღირებულება - არანაკლებ 281,3 ათასი ლარით.
  • სამინისტროს სახაზინო კოდში შემავალი იურიდიული პირების მიერ 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივების შეძენა ჯამში 9,9 ათასი ლარით გაზრდილად არის წარმოდგენილი.
  • მუსიკალურ ცენტრს,  2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, ძირითადი აქტივები 32,9 ათასი ლარით შემცირებულად, ხოლო გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები გაზრდილად აქვს  წარმოდგენილი.
  • სსიპ - ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მიერ, 2016 წლის ბალანსში წლის დასაწყისში არსებული ფულადი სახსრების ნაშთი 10,3 ათასი ლარით და არასაბიუჯეტო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები 14,6 ათასი ლარით შემცირებულად არის წარმოდგენილი. 
  • ა(ა)იპ ,,მელიტონ ბალანჩივაძის  ხელოვნების სკოლის“ მიერ, „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლი 6,4 ათასი ლარით გაზრდილად, ხოლო აქტივების ნაშთი შემცირებულად არის  წარმოდგენილი.  
  • სსიპ-ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ, ძირითადი კაპიტალის მოხმარების ხარჯები 2,9 ათასი ლარით გაზრდილად  არის წარმოდგენილი.
  • სამინისტროს სახაზინო კოდში შემავალ იურიდიულ პირებს, 2016 წლის ბალანსში, საცნობარო მუხლი ორ შემთხვევაში 194,6 ათასი ლარით შემცირებულად და ერთ შემთხვევაში 2,0 ათასი ლარით გაზრდილად აქვთ  წარმოდგენილი.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გამოქვეყნების თარიღი: 28:04:2017

დეპარტამენტი: აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ტიპი: ფინანსური აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.

გამოვლინდა, რომ სამინისტროს არასწორად და უზუსტოდ ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების შემადგენელი ფორმა N1, ფორმა N3, ფორმა N5, ფორმა N7 და ფორმა N8. კერძოდ:

  • 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში საცნობარო მუხლში არსებული ინფორმაცია „ამორტიზებული ძირითადი აქტივების“ (08) შესახებ წარმოდგენილი იყო - 14,817.76 ლარით, ხოლო „ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების“ (10) შესახებ - 5,685.22 ლარით ნაკლები თანხით, ამასთან ბალანსში ასახული ინფორმაცია მუხლზე „მანქანა-დანადგარები და ინვენტარი“ (2120) ასევე წარმოდგენილი იყო 163.81 ლარით შემცირებული ოდენობით;
  • სამინისტრომ 2016 წლის განმავლობაში მიიღო ჯამში - 26,005.86 ლარის ღირებულების გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები. აღნიშნული აქტივების ასახვა მოხდა ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში საცნობარო მუხლში "ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები" (10), თუმცა ბუღალტრულ რეგისტრებში და ბალანსის დანართ ფორმა N3-ში და N5-ში მათი მიღება-გასვლა არ აღრიცხულა;
  • სამინისტროს სარგებლობის უფლებით გადმოეცა ქ. თბილისში მ. თამარაშვილის ქ. N15-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 15.08 კვ/მ ოთახი ღირებულების გარეშე. ვინაიდან ფართის ღირებულების განსაზღვრა არ მომხდარა მოწვეული კვალიფიციური სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს მიერ გამოყენებული შეფასების მეთოდის გათვალისწინებით, ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ინფორმაცია არაფინანსური აქტივების შესახებ ვერ ასახავდა რეალურ მდგომარეობას.

პირობითი მოსაზრების საფუძვლებში წარმოდგენილი გარემოებების გარდა, ყურადღება გავამახვილდა შემდეგზე:

ხელფასების დარიცხვის საფუძველი

2016 წლის განმავლობაში 6 თანამშრომელზე  „ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით“ გაცემული დანამატის ოდენობამ ჯამში შეადგინა - 3,025.00 ლარი. ვინაიდან ორგანიზაციის მიერ ნაწარმოებ „სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელში“ არ ფიქსირდებოდა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის ფაქტები, ხოლო „მომსახურეთა აღრიცხვის ჟურნალის“ მონაცემებში არ იყო მითითებული სამსახურში გამოცხადების და წასვლის დრო (საათი), შესაბამისად, აუდიტის ჯგუფს ვერ წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა თანამშრომელების მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის ფაქტები.

საბიუჯეტო დეფიციტის მართვა

საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების ძირითადი პრინციპების შესაბამისად „შრომის ანაზღაურების“ მუხლით 2016 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის არ უნდა ყოფილიყო 2015 წლის საკასო ხარჯზე მეტი. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ადგილი არ ჰქონია ორგანიზაციის ფუნქციებისა და კომპეტენციის არსებით ზრდას, სამინისტროს მიერ 2016 წელს შტატით მომუშავეთა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 6%-ით.

შიდა აუდიტის გეგმის შესრულება

სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს ჩატარებული აუდიტებიდან 3 შემთხვევაში აუდიტის მასალებში სამუშაო დოკუმენტაცია (მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები და სხვა) არ იყო წარმოდგენილი, ხოლო 2 შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული მტკიცებულებები სრულად არ პასუხობდა შიდა აუდიტის მეთოდოლოგიით დადგენილ მოთხოვნებს.

საყურადღებოა, რომ სამინისტროს კონტროლს ექვემდებარებოდა სხვადასხვა ორგანიზაციები, კერძოდ:  სამინისტროს მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული  15 შპს, 3 სსიპ და საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი. თუმცა, 2014 – 2016 წლებში აუდიტი განხორციელდა 6 შემთხვევაში მხოლოდ 5 შპს-ში.

წინა წლებში ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობა

მიმდინარე აუდიტით კვლავ დაფიქსირდა ისეთი ნაკლოვანებები, რომელთაც ადგილი ჰქონდა წინა პერიოდში ჩატარებული აუდიტებისას. კერძოდ:

  • წინა აუდიტით გამოვლენილი ნაკლოვანება - ქ. თბილისში, კალოუბნის ქ. N17 სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში შპს-ეების უკანონოდ განთავსების საკითხი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე აუდიტის ფარგლებში. თუმცა, სხვა შემთხვევებში სახელმწიფო ქონების უკანონოდ, სარგებლობის უფლებით  გადაცემის დადგენილი წესის მოთხოვნათა შეუსაბამოდ გამოყენების ფაქტები,  კვლავ დაფიქსირდა. ამასთან, მდ. ენგურის მარცხენა სანაპიროზე  7 ბიზნესპროექტის განხორციელების მიზნით გადმოცემული მიწის ნაკვეთების გამოყენებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობა  არასაკმარისი იყო, ვინაიდან აუდიტის პერიოდში არ იყო უზრუნველყოფილი აღნიშნული მიწების სრულად (დანიშნულებით) გამოყენება და არცერთი ბიზნესპროექტი არ განხორციელებულა;
  • სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ-ების მიერ  წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კვლავაც არ შემოწმებულა სახელმწიფო კონტორლის განახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;
  • სამინისტროს ბალანსზე კვლავ ირიცხებოდა ბუღალტრული პროგრამა, რომლის გამოყენებით წლიური ბუღალტრული გატარებების (წლიური ბრუნვების და ნაშთების) ასახვა არ განხორციელებულა;
  • 2016 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კვლავ დასაქმებული იყვნენ შტატგარეშე მომუშავეები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მიუხედავად რიგ შემთხვევაში ირიცხებოდნენ  ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში.

მიმაგრებული ფაილები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

გამოქვეყნების თარიღი: 20:04:2017

დეპარტამენტი: სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

ტიპი: ფინანსური აუდიტი

ფინანსური აუდიტი

მიმაგრებული ფაილები