Header

Header Top

Standard Version

სტანდარტული ვერსია

Language Switcher

Quick Menu

Site Settings - Easy Read and Text Size

Content

Page Content

  • ტექსტის ზომა:
  • A
  • A
  • A

ჩვენ შესახებ

2014 წლის ანგარიში

განახლების თარიღი: 22:06:2015

2014 წელს გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა როგორც ჩატარებული აუდიტების რაოდენობა, ასევე აუდიტორული საქმიანობით ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი და სექტორული დაფარვის მაჩვენებელი. კერძოდ, აუდიტორული საქმიანობის შედეგად 2014 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 114 აუდიტი, რომლითაც მოიცვა 5.132 მილიარდი ლარი (გარდა ეფექტიანობის აუდიტით მოცული თანხისა - ჯამში 304 მილიონი ლარი). აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების თანხობრივმა მოცულობამ 210 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის:

  • შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - 58.5 მილიონი ლარი
  • შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - 27 მილიონი ლარი
  • საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - 32.3 მილიონი ლარი

ასევე აღსანიშნავია, რომ აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა 555 ათასი ლარი. მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოებს მიეწოდათ 66 ანგარიში და შესაბამისი მასალები.

გასული წელი აღსანიშნავია აუდიტის განსხვავებული ტიპის - ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის დანერგვით. საჯარო სექტორში ელექტრონული მმართველობის დანერგვით გაზრდილი ინფორმაციული და საკომუნიკაციო უსაფრთხოების რისკების საპასუხოდ 2014 წელს პირველად ჩატარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტი. ასევე, IT აუდიტის განვითარების ფარგლებში აღსანიშნავია სამწლიანი პროექტი - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარება“, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდება.

2014 წელი გამოირჩეოდა ახალი პროექტების დაწყებითაც. კერძოდ, გასულ წელს დაიწყო და 2016 წლამდე გაგრძელდება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (TWINNING), რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები სას-ის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. გარდა ამისა, აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და აუდიტის პროცესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოყენებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად, სამსახურში დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი აუდიტის მართვის სისტემის (AMS) დასანერგად, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დახმარებით მიმდინარეობს.

2014 წელი აღსანიშნავია იმითაც, რომ გაძლიერდა თანამშრომლობა პარლამენტთან. პარლამენტში განხორციელდა 6 აუდიტის ანგარიშის შედეგების საკომიტეტო განხილვა, მათ შორის, 1 - შესაბამისობის, 4 - ეფექტიანობის ანგარიშისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით 2012-2013 წლებში განხორციელებული აუდიტების შესახებ ანგარიშის განხილვა. ასევე, მოეწყო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები, რომლებიც ხელს უწყობდა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური განაგრძობს თანამშრომლობას საზოგადოებასთან მედიასთან, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან. საჯარო ფინანსების მართვის სფეროში სამოქალაქო თანამონაწილეობის გაუმჯობესებისათვის, სას-ი მიზნად ისახავს სხვადასხვა ინოვაციური მეთოდისა და ინსტრუმენტის მეშვეობით მოქალაქეების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სამსახურის საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ამ მიმართულებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზნად დაისახა, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება. სამსახური გეგმავს მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიის მომზადებას, რითაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციას.